ვალერი ჩეჩელაშვილი - პრემიერის გაეროში გამოსვლისას ყველაზე მეტად უკრაინასთან დაკავშირებული პრობლემა დამაკლდა - ძალიან კარგია განცხადება, რომ რუსეთი 2008 წელს საქართველოს დაესხა თავს - ბოლოს და ბოლოს გავიგონეთ ასეთი პირდაპირი შეფასება

საქართველოს ყოფილი ელჩის რუსეთსა და უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნა სახელმწიფოს წარმომადგენლებს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვები წარმოადგინოს, ეს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას დააკლდა.

მისივე განმარტებით, ერთ-ერთი, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვით გამოსვლისას ხაზი უნდა გაესვა, ის იყო, რომ „რუსეთის, როგორც აგრესორის დასჯა აუცილებელია, რათა საერთაშორისო სამართალი და დადგენილი ქცევის წესებზე დამყარებული საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა აღდგეს“.

„გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნა დედამიწის ზურგზე ყველაზე მაღალი ტრიბუნაა, სადაც გამოსვლა ძალიან დიდი პატივია. სახელმწიფოს მეთაურები და მთავრობის ხელმძღვანელები გამოდიან რა ამ ტრიბუნიდან, აუდიტორია მოელის მათგან იმას, რომ ისინი წარმოადგენენ რაღაც გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს. როგორ შეიძლება საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში არსებული გლობალური პრობლემები გადაილახოს, რა როლი შეიძლება შეასრულოს ამ კონტექსტში ქვეყანამ, რომელსაც ესა თუ ის პირი წარმოადგენს. აი, ამისთანა ხედვები, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში დამაკლდა. ეს უფრო რაღაც საქართველოს ანგარიშს ჰგავდა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე იმის თაობაზე, თუ რას ვაკეთებთ და როგორ ვიქცევით ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე. ერთი ადგილი იყო, სადაც ის მიუახლოვდა ამისთანა ხედვის შესაძლებლობას, როდესაც იგი სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივაზე საუბრობდა, მაგრამ არ განავითარა ეს აზრი. არადა, ვფიქრობ, რომ საქართველოს ადგილი და როლი სწორედ აქ არის. ამის მოსმენა აუდიტორიისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა. მინდა მხარი დავუჭირო ამ ინიციატივას და ვთქვა, რომ ამის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომელიც საქართველომ არსებულ ვითარებაში შეიძლება შეასრულოს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ჩამოთვალა უკრაინასთან დაკავშირებით, თუ რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ, მაგრამ, არ თქვა, რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო თანამეგობრობამ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აგრესორი, რუსეთის ფედერაცია დაისაჯოს. აგრესორის დასჯის და მისი დამარცხების გარეშე, საერთაშორისო სამართალი და დადგენილი ქცევის წესებზე დამყარებული საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა ვერ აღდგება.

მთავარი ღერძული სისტემა, რომელიც პრემიერმა გაატარა თავის გამოსვლაში, იყო ის, რომ ამბიციური დღის წესრიგის გატარებით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს - ევროკავშირს და აშშ-ს დავუახლოვდით. ვფიქრობ, ეს ძალიან საკამათო მოსაზრებაა, ვინაიდან, სამწუხაროდ, ჩვენი ნდობის ხარისხი სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებით დღეს დაქვეითებულია. ამაზე არა მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური შეფასებები მეტყველებს, არამედ, კონკრეტული ციფრებიც. მაგალითად, ჩვენ, როგორც ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყანას, გვაქვს შესაძლებლობა, რომ მივუერთდეთ საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო უსაფრთხოების თემებში ევროკავშირის გადაწყვეტილებებს. ჩვენი ეს მიერთების პროცენტი მხოლოდ 43-ია. ეს კანდიდატის სტატუსის მაძიებელი ქვეყნისთვის კატასტროფულად დაბალია და ნამდვილად არ მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირს ვუახლოვდებით. რამდენიმე წლის წინ ეს მაჩვენებელი 65% იყო.

კიდევ რაც ყურში მომხვდა, ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ ამბიციური დღის წესრიგი, 12 პუნქტი შესრულებულია საქართველოს მთავრობის მიერ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ბევრ ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოების დიდ ნაწილს ამასთან დაკავშირებით კითხვები ექნებათ. იმიტომ, რომ ამისთანა ურთიერთქმედებას მთავრობასა და ოპოზიციას, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ვერ ვხედავთ. ამასთან, კიდევ ერთი რამ მეცა თვალში, ბატონ ირაკლის მოჰყავდა სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა ძალიან მდგრადია, სანქციებს ატარებს რუსეთის წინააღმდეგ და ა.შ. კი ბატონო, ასე იყო მაგრამ, ამის მერე მოხდა ის, რაც მოხდა. ვგულისხმობ, ოთარ ფარცხალაძის ირგვლივ დატრიალებულ ამბავს და ქალბატონი ნათია თურნავას გადაწყვეტილებებს, რომელმაც სერიოზულად შეარყია ჩვენი ავტორიტეტი და რეპუტაცია. მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის თვალში, რაც მან შესაბამისი გამოსვლით დაადასტურა, ამიტომ ეს მოგვიანებული შეფასებები კარგად არ ჟღერდა.

ყველაზე მეტად უკრაინასთან დაკავშირებული პრობლემა დამაკლდა. ძალიან კარგია, ამ მაღალი ტრიბუნიდან პრემიერის განცხადება იმაზე, რომ რუსეთი 2008 წელს საქართველოს დაესხა თავს. ბოლოსდაბოლოს გავიგონეთ ასეთი პირდაპირი შეფასება. გვახსოვს, წინააღმდეგობრივი შეფასებები, მაგრამ ბატონმა ირაკლიმ ამას წერტილი დაუსვა“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით 23 სექტემბერს გამოვიდა. მან თავის გამოსვლაში ქვეყნის ოკუპაციაზე, საგარეო კურსზე, ეკონომიკური რეფორმებზე, სამშვიდობო პოლიტიკაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ