„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე ძალადობის საქმის პროკურორის განცხადებით, დაზარალებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ, რის გამოც 2 მათგანი მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეზე ექვსი პირია ბრალდებული, სხდომას ექვსივე მათგანი ესწრება.

როგორც პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა განაცხადა, გამოძიების მხრიდან მოპოვებულია არაერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, ჩატარდა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებები, მათ შორის საქმეზე რამდენიმე ათეული მოწმე გამოიკითხა, რის შედეგადაც დაკავებულია 6 პირი ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ბრალდებით.

მისივე თქმით, პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

რაც შეეხება დაზარალებულებს, როგორც მარიამ ბეგიაშვილმა აღნიშნა, დაზარალებული პირებიდან მხოლოდ ორი პირი გამოიკითხა მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა რა ინფორმაცია მიაწოდა გამოკითხულმა პირებმა გამოძიებას, პროკურორმა განმარტა, რომ ამ მხრივ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის განხილვისგან თავს იკავებს.

„რაც შეეხება დაზარალებულებს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დაზარალებულები დღემდე არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, რის გამოც დღეს მოხდა 2 დაზარალებულის დაკითხვა სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის წიმაშე. იმედს ვიტოვებ, რომ სამომავლოდ სხვა დაზარალებულებიც ითანამშრომლობენ გამოძიებასთან იმისთვის, რომ საქმეზე მოპოვებული იქნას დამატებითი მტკიცებულებები, რათა ბრალდებულთა ქმედებებს მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადა მარიამ ბეგიაშვილმა.

რაც შეეხება ადვოკატების პოზიციას, ისინი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ პირს თავს დაესხნენ და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის. 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა