პროკურორი - არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისის მიერ საკუთარი მამის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს ჰქონდა ადგილი

მსჯავრდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორის, თორნიკე მახათაძის განცხადებით, არაერთი მტკიცებულებით დადასტურდა, რომ გრიგორიადისმა საკუთარი მამის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი ჩაიდინა.

აღნიშნულის შესახებ პროკურორმა „ინტერპრესნიუსს“ სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. თორნიკე მახათაძე ასევე განმარტავს, თუ რატომ შეცვალა მოსამართლემ ბრალის კვალიფიკაცია.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დასრულდა ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. ბრალდების მხარემ მთელი რიგი მტკიცებულებები წარმოადგინა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა ლაზარე გრიგორიადისის მიერ როგორც ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, ასევე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენას. აღნიშნული იყო გამოკითხვის ოქმები, მათ შორის, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, ასევე შემსწრე მოწმეების გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებდნენ ლაზარე გრიგორიადისის მიერ საკუთარი მამის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს. ასევე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრა. მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საიდანაც დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანაა ამოღებული. ასევე, ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქები, რაზეც შესაბამისი ბიოლოგიური ექსპერტიზები დაინიშნა. სწორედ, ზემო აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურდა ლაზარე გრიგორიადისის მიერ, როგორც ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ასევე საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენა.

რაც შეეხება კვალიფიკაციას, სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის მიმართ წარდგენილი ბრალდება 11პრიმა 120-მუხლის მეორე ნაწილიდან 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილზე გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას. ასევე, ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო 187-მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, ვინაიდან 2021 წელს სასამართლოში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე მიდგომა შეიცვალა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წინასასამართლო სხდომაზე დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი, კვალიფიკაციის შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნულმა საკითხმა განაპირობა“, - განაცხადა მახათაძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრას ედავებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, გრიგორიადისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს,

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადაკვალიფიცირდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გრიგორიადისი დამნაშავედ იქნა ცნობილი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გრიგორიადისს მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებას გულისხმობს. მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, თუმცა, მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო