საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძის მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას ბრალდებულთა მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

უფრო კონკრეტულად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულები არიან: მირიან სვანიძე, გიორგი ქიშმარია, ტატო ხუნდაძე, ელგუჯა ჩოხელი, ლაშა ამირანაშვილი და ბექა ავსაჯანაშვილი.

პროკურატურამ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებით იშუამდგომლა. როგორც პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა სხდომაზე განმარტა, დაკავებულების მხრიდან არსებობს დაზარალებულებზე და მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები, ამიტომ, სასჯელი უნდა იყოს მკაცრი.

ადვოკატებმა კი, დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს. დაცვის მხარის მტკიცებით, აბსოლუტური სიცრუეა ის, რაც ბრალდების დადგენილებაში წერია, ისე როგორ სიცრუეა ის, რომ საქმეს ჰყავს დაზარალებული. შესაბამისად, მათივე თქმით, პატიმრობის გამოყენება არ უნდა მომხდარიყო.

ამასთან, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ტატო ხუნდაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ დაპირისპირების პროვოცირება თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მოხდა, თვითონ კი სრულიად შემთხვევით მოხდა „ამ აურზაურში“.

„ირაკლი ეძგვერაძე ჩემს ოჯახშია გაზრდილი… მათი მხრიდან იყო შეძახილები, „კახი კალაძის მონები ხართ“, „სადამსჯელო რაზმი ხართ“. ამასთან, დედაჩემს, რომ ასე შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს, ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი. მე კაცად გამზარდა დედაჩემმა.

მე ვარ თანამდებობის პირი და შემთხვევით მივიღე მონაწილეობა ამ ყველაფერში, ამიტომ უნდათ ამის გამოყენება პოლიტიკურად“, - განაცხადა ტატო ხუნდაძემ.

კიდევ ერთი ბრალდებულის, მირიან სვანაძის თქმითაც, დაპირისპირების პროვოცირება თავად ეძგვერაძის მხრიდან მოხდა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ პირს თავს დაესხნენ და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის. 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - რაც არ უნდა მოხდეს ამ ეტაპზე აფხაზეთში და ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის „სათავეში“, ძალადობრივი თუ სხვა გზით, რუსეთის „დამოკლეს მახვილი“ არსად გაქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2024
ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს