პარლამენტის პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა ცვლილებები, რითაც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმები გამკაცრდება

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმები გამკაცრდება. აღნიშნული კანონპროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ბექა დავითულიანის განცხადებით, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში ფიზიკური პირის 150 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის 500 ლარის, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

მომხსენებელმა კანონმდებლობის გამკაცრების მიზეზებიც განმარტა და აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების სიტყვიერი გაფრთხილების ნაცვლად პირველივე შემთხვევის ფინანსური სახდელის შემოტანის აუცილებლობაზე ისაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კახიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური სანქციების შემოღებასთან ერთად ყურადღება მიაქციონ აღსრულების ნაწილს და საჭიროების შემთხვევაში ამ კუთხით კანონმდებლობის დახვეწა მოხდეს.

კომიტეტის სხდომაზე ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე იმსჯელეს.

მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ ცვლილებების ძირითად არსს საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ორგანიზება და სამგზავრო ავტოსადგურებში არსებული მდგომარეობის გამოსწორება წარმოადგენს. მისი თქმით, კანონპროექტის მიღება მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას და ავტოსატრანსპორტო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

„მნიშვნელოვანია, რომ ავტოსადგურების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის ფაქტები აღმოიფხვრება და სატრანსპორტო ბაზარზე განვითარების თანაბარი პირობები შეიქმნება. ასევე ხელი შეეწყობა ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებასა და ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომიტეტის სხდომაზე განხილულ კანონპროექტებზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
Webster University Georgia-ს რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი - უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი, რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი გახდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად