ირანი და სამხრეთ კავკასია: გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასია ირანისთვის ცენტრალურ გეოპოლიტიკურ არეალს ნაკლებად წარმოადგენდა. თეირანისთვის სირია-ერაყის, სპარსეთის ყურის, ან იემენის მიმართულებები დიპლომატიური და სამხედრო აქტივობისთვის ბევრად მნიშვნელოვანი იყო.

სამხრეთ კავკასიისადმი ირანის საგარეო პოლიტიკური მიდგომა, დიდწილად, დაფუძნებული იყო 1990-იან წლებში ჩამოყალიბებული სტატუს-ქვოთი, რომელიც სომხეთის მიერ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილის ოკუპირების შედეგად მოხდა. აზერბაიჯანი დასუსტებული იყო, ხოლო სომხეთი კი მომძლავრებული. ჯამში, აღნიშნული ძალთა ბალანსი თეირანისთვის მისაღები აღმოჩნდა.

მეტიც, ირანისთვის სამხრეთ კავკასიაში რუსული გავლენა არ წარმოადგენდა ფუნდამენტურ საფრთხეს. პირიქით, მოსკოვის მცდელობები რეგიონი შემოემტკიცებინა თეირანში უფრო დადებითად ფასდებოდა, რადგან რუსეთი გარანტი იყო აშშ-ის და, ზოგადად, დასავლეთის გავლენის შეკავებისა. არც თურქეთის როლი იყო ხელისშემშლელი ფაქტორი. მართალია, ანკარასა და ბაქოს შორის ყოველთვის არსებობდა მჭიდრო ურთიერთობები, რაც ინფრასტრუქტურისა და სამხედრო კონტაქტების განვითარებით მტკიცდებოდა, თურქეთი რეგიონში წარმმართველი როლის შესრულებისგან ჯერ კიდევ შორს იყო.

2020 წელმა ბევრი რამ შეცვალა. მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, აზერბაიჯანის რეგიონალური მნიშვნელობის როლის საგრძნობი მომატება მოხდა. მკვლევარები ხშირად აპელირებენ ირანის შიშზე, რომელიც აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის მზარდი ურთიერთობებით არის განპირობებული. თუმცა ირანისთვის მეტად ფუნდამენტურ საფრთხეს საკმაოდ მოკლე დროში ირანის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ ე. წ. თურქულენოვანი გეოპოლიტიკური დერეფნის ჩამოყალიბების შესაძლებლობა წარმოადგენს.

ირანისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილება სამხრეთ კავკასიაში უკრაინაში მიმდინარე ომის გამოძახილებია. მოსკოვისთვის თეირანთან ურთიერთობების გაფართოება ერთ-ერთ ცენტრალურ საგარეო პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს. ამ კუთხით გამოირჩევა რუსეთიდან ირანის გავლით ინდოეთის პორტებამდე ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება. ამასთან ერთად, მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე მოვლენები და რუსეთ-სომხურ ურთიერთობებში მზარდი პრობლემები ისლამური რესპუბლიკისთვის სამხრეთ კავკასიაში მოსკოვის გავლენის შემცირების ნიშნებია.

ეს კი ირანს სამხრეთ კავკასიაში გავლენის ზრდის შესაძლებლობას უქმნის, რაც აისახა კიდევაც თეირანის მიერ გეოპოლიტიკური „წითელი ხაზების“ გავლებით, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის მცდელობებს გახსნას ე. წ. ზანგეზურის დერეფანი აუცილებლად ირანის ჩარევა მოჰყვება. ამასთან კავშირშია 2022 წელს ირანის მიერ სომხეთის სიუნიკის პროვინციაში თავისი საკონსულოს გახსნაც, როგორც სიმბოლური ნიშანი იმისა, რომ თურქულ-აზერბაიჯანული აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი არ გაიხსნას.

მართალია, სამხრეთ კავკასია ჯერ კიდევ შორსაა იმ სტრატეგიული როლის შესრულებისგან, რასაც ირანისთვის სპარსეთის ყურე ან სირია ასრულებენ, 2020 წლიდან მოყოლებული თეირანისთვის ამ რეგიონის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახალი ხედვა შემდეგ ძირითად გეოპოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება:

  1. რეგიონალიზმის პრინციპი, რომლის მიხედვითაც სამხრეთ კავკასია გარშემო მდებარე დიდი ძალების (ირანი, თურქეთი და რუსეთი) გავლენის სფეროს წარმოადგენს. ამის საუკეთესო მაგალითი ხშირად გაჟღერებული 3+3-ის ინიციატივაა;
  2. სამხრეთ კავკასიაში არარეგიონალური ძალების არ შემოშვება, რომელთა სიაშიც აშშ, ნატო და მცირე დოზით, ევროკავშირიც შედის;
  3. სამხრეთ კავკასიაში სავაჭრო-სატრანზიტო დერეფნების გახსნა, რომლითაც ირანი მჭიდროდ დაუკავშირდება რეგიონს, შავ ზღვის პორტებამდე მიაღწევს და პოტენციურად მჭიდრო სახმელეთო კონტაქტს დაამყარებს რუსეთთან.

გეოგრაფია და იმპერიული ამბიციები

სამხრეთ კავკასიაში ისლამური რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის გაანალიზებისას მნიშვნელოვან როლს ირანის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა თამაშობს. ირანის ხანგრძლივ ისტორიასთან ერთად, ქვეყნის გეოგრაფიაც, დიდწილად, განაპირობებს იმას, რომ ქვეყნის პოლიტიკური კლასისთვის ირანი არ მთავრდება იქ, სადაც მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. ირანი იდეაა და ის უფრო დიდ სივრცეს მოიცავს.

ირანი ამბიციური ქვეყანაა. ათასწლეულების განმავლობაში ის განსხვავებული ფორმაციებით გვევლინება. იქნება ეს იმპერიები თუ თანამედროვე ისლამური რესპუბლიკა, ქვეყნის სტრატეგიული ხედვები დიდად არ შეცვლილა. ამ ხედვებს კი, ძირითადად, გეოგრაფია აყალიბებს. ირანის ძირითადი მოსახლეობის ცენტრები გარშემორტყმულია მთათა სისტემებით ან გაუვალი უდაბნოებით: დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით ზაგროსის მთებია; ჩრდილოეთით ელბურსის მთათა სისტემა; კასპიის ზღვა ჩრდილოეთით და არაბეთის ზღვა სამხრეთით დამატებით გაუვალ გეოგრაფიულ ბარიერებს წარმოადგენენ; აღმოსავლეთით და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით კი ავღანეთისა და თანამედროვე პაკისტანის მკაცრი კლიმატი, ხოლო ჩრდილოეთით თურქმენეთის უნაყოფო სტეპური მიწები.

ისტორიაში ხშირად ეს გეოგრაფიული ბარიერები უცხო ძალებს ირანის დაპყრობას ურთულებდნენ. იყო რამდენიმე გამონაკლისიც. ალექსანდრე მაკედონელი, მონღოლი ჰულაგუ ხანი თუ თემურ-ლენგი – ყველა ამ დამპყრობელს ირანის დაკავება სულ რამდენიმე წელიწადში გამოუვიდათ. თუმცა დაპყრობა ერთი იყო, ხოლო ტერიტორიის ხანგრძლივად შენარჩუნება კი სხვა რამ. მათგან მხოლოდ ჰულაგუმ მოახერხა შედარებით ხანგრძლივი პერიოდით ირანში თავისი დინასტიის ძალაუფლების შენარჩუნება.

და მაინც, რაც არ უნდა მომგებიანი ყოფილიყო ირანის ეს გაუვალი გეოგრაფია, ის ასევე ზღუდავდა გარშემო არსებულ ტერიტორიებზე ირანის ძალაუფლების პროექციას. მართლაც, არამიმზიდველი გეოგრაფიული პირობების გამო დიდი ირანელი მმართველები ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულები ცენტრალურ აზიაში, ავღანეთსა ან თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე პირდაპირი პოლიტიკური გავლენის გავრცელებით.

ამრიგად, ირანისთვის სტრატეგიულად ბევრად ხელსაყრელი ტერიტორიები იყო 1) დასავლეთის საზღვარი, ე. ი. თანამედროვე ერაყი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა დიდი მოსახლეობით, ბუნებრივი რესურსების სიუხვით და ტრანზიტული სავაჭრო გზებით და 2) სამხრეთ კავკასია, სადაც მიუხედავად დიდი მოსახლეობის არარსებობისა, საგრძნობი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი იყო.

თანამედროვე ირანის სტრატეგიული ხედვა ფესვგადგმულია ქვეყნის ძველ და შუა საუკუნეების ისტორიაში. აქემენიანთა შემდეგ სასანიანები, სეფიანები და მომდევნო ირანული დინასტიები განსაკუთრებით ცდილობდნენ ერაყსა და სამხრეთ კავკასიაში გაბატონებას. მიზეზი, როგორც სამხედრო-სტრატეგიული, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური იყო: ხმელთაშუა და ნაწილობრივ შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება.

აქ ერთი ისტორიული მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომელიც ნათლად აჩვენებს იმ ბმას, რომელიც თანამედროვე ირანელ მმართველებსა და ძველ ირანულ დინასტიების ამბიციებს შორის არსებობს.

620-იანი წლების დასაწყისში, არაბების დაპყრობების წინა პერიოდში სასანური ირანის შაჰმა, ხოსრო II-მ, თავისი ჯარით კონსტანტინოპოლს, ბიზანტიის დედაქალაქს, ალყა შემოარტყა. მაშინ ხოსროს უკვე ჰქონდა დაკავებული ეგვიპტე, სირია და პალესტინა. ეს მსოფლიო ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან სპარსელებს ხმელთაშუა ზღვამდე აქემენიანთა იმპერიის დაშლიდან მოყოლებული არ მიუღწევიათ.

თუმცა ეს ექსპანსია საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა. მომდევნო 1400 წლის განმავლობაში ირანს ხმელთაშუა ზღვამდე გზა გადაკეტილი ჰქონდა, სანამ 2010-იან წლებში სირიაში სამოქალაქო ომის განმავლობაში ირანმა პრაქტიკულად ერაყის ჩრდილოეთით სირიამდე სახმელეთო დერეფანი ააგო.

ემილ ავდალიანი

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, „ჯეოქეისის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი