საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი რამდენიმე დოკუმენტი განიხილა - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დამფუძნებელ შეთანხმებაში განსახორციელებელი ცვლილებები კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

მისი ინფორმაციით, შეთანხმებაში შედის ორი ცვლილება. კერძოდ, მოხდება EBRD-ის ოპერაციების გეოგრაფიული არეალის გაფართოება სუბსაჰარული აფრიკისა და ერაყის მიმართულებით; ხოლო მეორე ცვლილებით მოხდება EBRD-ის ჩვეულებრივ ოპერაციებზე საწესდებო კაპიტალის შეზღუდვების მოხსნა და ბანკის დირექტორთა საბჭო აღიჭურვება ნდობით, რათა დააწესოს და შეინარჩუნოს ლიმიტები, ბანკის ფინანსური მდგრადობის დაცვის გათვალისწინებით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს, ხუთ ფინანსურ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომელიც საბაზისო საპროცენტო განაკვეთების ტერმინების განახლებასა და ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარადგინა.

მისი თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს 1998 წლის 11 მაისის ჩარჩო შეთანხმების საფუძველზე გერმანიის მიერ საქართველოსთვის 10 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფას შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად: „პროფესიული განათლება საქართველოს მზარდ სექტორში", „მდგრადი და დაკავშირებული მობილობა საქართველოში", „ხარისხის ინფრასტრუქტურა ფასეულობის შექმნის, პროდუქტიულობისა და ინოვაციებისთვის კერძო სექტორში" და „კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება ხარისხის ინფრასტრუქტურის მეშვეობით". შეთანხმების მიხედვით, გერმანული განმახორციელებელი ორგანიზაციების მიერ პროექტებისთვის შეძენილი საქონელი და მომსახურეობა გათავისუფლდება დამატებითი ღირებულებისა და სხვა არაპირდაპირი გადასახადებისაგან.

კომიტეტის სხდომაზე „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესახებ კონვენციის ცვლილებები" განიხილეს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა წარადგინა.

მისი ინფორმაციით, საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO)-ს წევრი გახდა 1993 წლის 22 ივნისს და მას შემდგომ უწყვეტად თანამშრომლობს ორგანიზაციასთან. IMO შედგება ასამბლეის, საბჭოს და 5 კომიტეტისგან.

„აღნიშნული ცვლილების მიზანია საბჭოს წევრების გაფართოება, რომელიც თავის მხრივ, ასახავს ბოლო ათწლეულის განმავლობაში IMO-ს წევრი სახელმწიფოების რაოდენობის ზრდას. წარმოდგენილი ცვლილებები ხელს შეუწყობს წარმომადგენლობითი, დაბალანსებული, მრავალფეროვანი და ქმედითი საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც ითვალისწინებს ყველა წევრი სახელმწიფოს ინტერესს და უზრუნველყოფს მსოფლიოს ყველა ძირითადი გეოგრაფიული რეგიონის წარმომადგენლობას საბჭოში", - განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტის სხდომაზე „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ" ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია" და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე იმსჯელეს. საკითხი განსახილველად იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.

„ამ კონვენციის სავალდებულოდ აღიარება წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს და გათვალისწინებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამოქმედო გეგმით. კონვენციას ხელი მოეწერა ჰააგაში, მიმდინარე წლის 25 მაისს და შესაბამისად, დაიწყო სარატიფიკაციო პროცედურები.

კონვენციიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, ოჯახის რჩენის საკითხებთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის ელემენტის მატარებლის საქმეების ეფექტურად წარმართვას და მიღებული გადაწყვეტილებების დროულად აღსრულებას.

მომხსენებლის ინფორმაციით, კონვენციის ერთ-ერთი მიზანი არის საალიმენტო ვალდებულების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელშემკვრელ სახელმწიფოებში ცნობა-აღსრულების ერთიანი მექანიზმის შექმნა. კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო