არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი“ დამოუკიდებელ დეპუტატს, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.

- ბატონო არმაზ, ახალი პოლიტიკური სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ, ისე დაჩქარებულადაც კი ვითარდება პროცესები, ჭირს რომელს მიანიჭო უპირატესობა რომ საუბარი დავიწყოთ.

ფარცხალაძის თემის გამო, რომ ეროვნულ ბანკში განვითარებულმა პროცესებმა საბანკო სისტემის გარდა პოლიტიკური სისტემაც შეაჯანჯღარა, ფაქტია. ვიღას ახსოვს შოვის ტრაგედია და მასზე ადეკვატური რეაგირება, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით გაუგებარია რა ვითარებაა.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, თუ როგორ განვითარდა პროცესები ეროვნულ ბანკში? ამ ისტორიამ რა დაგვანახა მეტ-ნაკლებად გასაგებია, მაგრამ, სავარაუდოდ, რისი საფრთხეები გაუჩინა ქვეყნის საბანკო და პოლიტიკურ სისტემას?

- საქმე ისაა, რომ დღეს, ხვალ, მომავალში, საქართველოში არ დაილევა პოლიტიკური ცეცხლის კერები. რა თქმა უნდა, ყველას თავისი დატვირთვა, აზრი, სიმწვავე აქვს, მაგრამ, ამ თემებმა არ უნდა დაჩრდილოს მთავარი თემა.

მთავარი ისაა, რომ ზუსტად ერთი წლის თავზე საპარლამენტო არჩევნებია. 2024 წლის არჩევნებში გადაწყდება საქართველოს ბედი მომავალ ათწლეულების განმავლობაში. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ყველა სხვა საკითხი, ფარცხალაძის, ეროვნული ბანკის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის, ნებისმიერი სხვა, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ეს განსაზღვრავს დღეს ქართული პოლიტიკის დღის წესრიგს.

ხელისუფლებას არაფერი რჩება თუ არა ის, რომ გადაეფაროს ფარცხალაძეს, ინსტრუქციები მისცეს ეროვნულ ბანკს, მერე თავი იმართლოს, პრეზიდენტს სასამართლო პროცესი წამოუწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ოპონენტები დააშანტაჟოს, სცემოს, დაიჭიროს და აჩვენოს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია

ერთი რამ ცხადია, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროცესი უკვე დაიწყო, დაიწყო გამოცხადების გარეშე და ჩვენ მკაფიოდ გვეუბნება, რომ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს ძალაუფლების დათმობას. თუნდაც ამისთვის დასჭირდეს აქამდე წარმოუდგენელი მეთოდების გამოყენება. „ოცნება“ მზად არის სრულად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბინძური არსენალი მხოლოდ იმიტომ, რომ 2024 წელს არ დაკარგოს ძალაუფლება.

სინამდვილეში, მას არც არაფერი დარჩენია თუ არა ასეთი მიუღებელი თამაშის წესებით პროცესის წარმართვა. იმიტომ რომ მისი ავტორიტეტი არის ძალიან დაქვეითებული, ნდობა საზოგადოების მხრიდან კატასტროფულად კლებულობს, საერთაშორისო პარტნიორები მას აღარ აღიქვამენ პარტნიორად. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მას არაფერი რჩება თუ არა ის, რომ გადაეფაროს ფარცხალაძეს, ინსტრუქციები მისცეს ეროვნულ ბანკს, მერე თავი იმართლოს, პრეზიდენტს სასამართლო პროცესი წამოუწყოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ოპონენტები დააშანტაჟოს, სცემოს, დაიჭიროს და აჩვენოს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

- თუ ფარცხალაძის თემას დავუბრუნდებით, ვნახავთ, რომ ფარცხალაძის თემას ბევრი განზომილება აქვს, მათ შორის ეკონომიკური და ალბათ უპირველესად პოლიტიკური. თქვენი დაკვირვებით, ფარცხალაძის თემამ რა დაგვანახა?

- უპირველესად დაგვანახა ის, რომ საქართველოში უკვე ათწლეულია გვაქვს არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობა, რაც ქმნის და ასაზრდოებს სხვადასხვა მასშტაბის არაფორმალური წანაზარდებს: პროკურატურასა და სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებში, რეგიონებში, სახელმწიფო თუ ვითომ დამოუკიდებელ არასამთავრობო ინსტიტუტებში. დაგვანახა ისიც, რომ საქართველოში კოლექტიური ფარცხალაძის ფენომენი არსებობს. როცა ადამიანი სჩადის დანაშაულს, ამ დანაშაულის გამომძიებელი კი დანაშაულის თანამონაწილეა. შესაბამისად ვართ მოჯადავებულ წრეში, როცა ფარცხალაძე აშავებს - ამ დროს კი სიმართლის დამდგენი არავინაა და ჩვენ შეგვიძლია შემოვიფარგლოთ მხოლოდ განცხადებებით, აღშფოთებით...

სწორედ ამიტომ ვთქვი საუბრის დასაწყისში, რომ 2024-ში ამ მახინჯი სისტემის დემონტაჟის გარეშე, ფარცხალაძეები გამრავლდებიან, ავტორიტარიზმი იმძლავრებს, და ყველა კრიტიკული ხმა - იქნება ეს მედიის, თუ პასუხისმგებლობიანი ოპოზიციის, მნიშვნელოვნად შესუსტდება, იმიტომ რომ, ხალხის ნდობა დაკარგული ეს პოლიტიკურ-კრიმინალური დაჯგუფება იძულებული ხდება გადავიდეს ჩვენთან ურთიერთობის უკიდურესად აგრესიულ ფორმებზე.

ფარცხალაძის შემთხვევამ დაადასტურა, რომ საქართველოში მთლიანად ჩამორღვეულია სახელმწიფო ინსტიტუტები და ყველა ინსტიტუტი ექვემდებარება ერთ თავს, ერთ ცენტრს, ქვეყნის ამ მთავარ, ავბედით სადისპეტჩეროს, ივანიშვილის დანაშაულებრივ კლანს.

ფარცხალაძის შემთხვევამ დაადასტურა, რომ საქართველოში მთლიანად ჩამორღვეულია სახელმწიფო ინსტიტუტები და ყველა ინსტიტუტი ექვემდებარება ერთ თავს, ერთ ცენტრს, ეს არის მთავარი სადისპეტჩერო დღევანდელ ქართულ სინამდვილეში, რომელსაც ჰქვია ოლიგარქი ივანიშვილი

- მმართველი გუნდის წევრები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ოპოზიციას უნდა ფარცხალაძის თემა დიდხანს იყოს დღის წესრიგში. არადა, ფარცხალაძის თემა მათ თავად შექმნეს.

ამის პარალელურად, ვიხილეთ საკრებულოს დეპუტატის წინააღმდეგ ძალადობა, თან ისე, რომ სამართალდამცავებმა ძალადობის გამპროტესტებელი ოპოზიციის ლიდერები უფრო ადრე დააკავეს, ვიდრე სამართალდამრღვევები. სასამართლომ ოპოზიციის ლიდერები კი გამოუშვა, მაგრამ, დაკავებულია მხოლოდ 6 სამართალდამრღვევი, როცა, თვითმხილველთა მტკიცებით, არეულობაში 20-ზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა.

მართალია, სასამართლომ ოპოზიციონერი დეპუტატები გაათავისუფლა, მაგრამ, ისეთი პირი უჩანს, უცნაურ ფაზაში შევდივართ. ისეთი შთაბეჭდილებაც კი რჩება, რომ ვიღაცას აწყობს პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადმოტანა. წესით, არავის არ უნდა აწყობდეს. ჯერ პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატზე ძალადობამ, შემდეგ საკრებულოს დეპუტატზე ძალადობამ რა დაგვანახა?

- ძალადობის ეს ამაზრზენი ფაქტები ჩვენ უნდა განვიხილოთ 2020, 2016 წლების საპარლამენტო არჩევნების გაანალიზების ფონზე. მაშინ, ჩვენ მივხდებით, რომ ყოველ შემდეგ ჯერზე 2016-ში, 2020-ში, „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო მეტად იყენებდა ძალადობრივ სქემებს. იმიტომ, რომ ეს ხდებოდა საზოგადოებაში მის მიმართ ნდობის დაკარგვის პირდაპირ პროპორციულად.

ის ძალადობის ფაქტები, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ, მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ ეს ძალადობა გაასმაგდება, რეგიონებში გაათასმაგდება, რადგან იქ მედიას და პოლიტიკურ ოპოზიციას ნაკლებად მიუწვდება ხელი. დედაქალაქში გაასმაგდება, როგორც კი „ქართული ოცნება“ გაიაზრებს, რომ მისი პოლიტიკური დრო იწურება

ახლა, ეს ვითარება გაცილებით დრამატულია და შესაბამისად, არავის არ უნდა გაუკვირდეს რომ სწორედ ძალადობა იქნება 2024-ის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთავარი ხელწერა.

რა შეიძლება ამას დაუპირისპიროს საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ? ალბათ ერთადერთი რამ, რომ ყოველ ჯერზე იყოს მიუღებლობა ასეთი ძალადობის მიმართ. იყოს მტკიცე პროტესტი. მაგრამ, გულწრფელად უნდა ვთქვა,ჩემი დაკვირვებით, ასე საქმეს საბოლოო ჯამში მაინც არ ეშველება.

ჩვენ რომ ძალადობა გამოვრიცხოთ „ქართული პოლიტიკიდან“, რომ ვიცოდეთ ძალადობის შემთხვევები ბოლომდე იქნება გამოძიებული და სიმართლე დადგენილი, შემდგომში პრევენცია გატარებული, ამისთვის გვჭირდება სრულიად ახალი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური სისტემა, რომელიც თვისობრივად განსხვავდება როგორც სააკაშვილის პერიოდის, ის ივანიშვილის პერიოდის, ასე ვიტყოდი - საქართველოსთვის სხვადასხვაგვარად დამღუპველი ამ ორი დეკადისგან.

ამ ახალი ქართული პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სისტემის უმთავრესი მახასიათებელი უნდა იყოს სამართლის უზენაესობა, დემოკრატია, წესიერად არჩეულ, დემოკრატიულად და ეროვნულად მოაზროვნე მმართველთა გუნდი.სხვა შემთხვევაში ის, რაც ხდებოდა ათწლეულების განმავლობაში, უეჭველი გამეორდება!

ძალადობის ფაქტები, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ, მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ ის გაასმაგდება, რეგიონებში კი გაათასმაგდება, რადგან იქ მედიას და პოლიტიკურ ოპოზიციას ნაკლებად მიუწვდება ხელი.

- სამხრეთ კავკასიაში საინტერესოდ და დინამიკურად ვითარდება პროცესი. აზერბაიჯანმა სამხრეთ კავკასიაში შექმნა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრეცედენტი.

ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიაში დიდი ცვლილებები ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი სრულად დამოკიდებულია რუსეთზე, ცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და დასავლეთთან დაახლოებას.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა სამხრეთ კავკასიაში ხდება?

- ძალიან საყურადღებოა ეს პროცესი ჩვენთვის საქართველოსთვის. ჩვენ ახლა ვართ მოწმე, უჩვეულო და ძალიან სასიხარულო ამბის: სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ინტერესების მკვეთრი შეზღუდვა და კრემლის განდევნა ხდება. აზერბაიჯანი სულ უფრო და უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთზე, სომხეთი კი აცნობიერებს, რომ რუსეთზე დამოკიდებულება აღარაფრის მომცემია.

აზერბაიჯანი სულ უფრო და უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთზე, სომხეთი აცნობიერებს, რომ რუსეთზე დამოკიდებულება აღარაფრის მომცემია

ამ ფონზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ასმაგად დამღუპველი და დანაშაულებრივია ჩვენი სახელმწიფოებრიობის მომავლისთვის. სომხეთ-აზერბაიჯანის დღევანდელი დაპირისპირება (ყარაბაღის საკითხის ამგვარად მოგვარებას, ალბათ, ათწლეულების წინ ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა) ცხადყოფს, რომ უკრაინის გამარჯვებისა და კრემლის მახინჯი რეჟიმის დაშლის შემდეგ, ჩვენ აღმოვჩნდებით სრულიად ახალ რეალობაში, სადაც საქართველოსთვის თავსმოხვეული კონფლიქტების მოგვარების უმთავრესი გზა უნდა დაეფუძნოს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ევროატლანტიკურ სივრცესთან, თანმიმდევრულ, სწორ შიდა სახელმწიფოებრივ, დემოკრატიულ რეფორმებს და ნდობის აღდგენას ძველ მეგობრებთან.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო