საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში 2023-2024 აკადემიური წლის დაწყება და პირველკურსელთა ახალი, 101-ე ნაკადის მიღება მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა, რომელშიც მონაწილეობა სამივე საფეხურის სტუდენტებმა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ. რექტორმა სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა. როგორც დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, მიმდინარე წელს კიდევ უფრო მეტად გაიზარდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რაოდენობა, რაც მიუთითებს უნივერსიტეტის მზარდ რეიტინგზე. რექტორის თქმით, 2023/2024 სასწავლო წლებში უმაღლესი აკადემიური განათლების პირველ საფეხურზე ჩარიცხულებს უნივერსიტეტი ბევრ სიახლეს სთავაზობს.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

პირველ რიგში გილოცავთ თქვენ, პირველკურსელებო, რომელთაც დღეს გადადგით ნაბიჯი ცხოვრების ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყებად - შემოაღეთ, უკვე თქვენი ალმა-მატერის, კარი. წარმატებული ყოფილიყოს ამ გზაზე თქვენი ყოველი ნაბიჯი! ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველა სტუდენტს, პედაგოგს, კოლეგას. მეცნიერებს, რომელთაც საქართველოს მომავალ თაობას გზა უნდა გაუკვალონ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.

ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენ არჩევანში არ შემცდარხართ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო უმაღლესი სკოლაა, სადაც, 168 საგანმანათლებლო პროგრამაზე სხვადასხვა ეროვნების ათასობით სტუდენტი სწავლობს. სასიხარულოა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გაზრდილია აბიტურიენტების ინტერესი ზუსტი მეცნიერებების მიმართ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩარიცხულთა 80%-მა სავალდებულო ჩასაბარებელ მესამე საგნად მათემატიკა აირჩია. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ პრიორიტეტული პროგრამების რიცხვი გაიზარდა. გასულ სასწავლო წელს უნივერსიტეტში 32 პრიორიტეტული პროგრამა მოქმედებდა. წელს ეს რიცხვი 36-მდე გაიზარდა. სახელმწიფოსაგან პრიორიტეტულად მიჩნეულ პროგრამებს დაემატა ოთხი პროგრამა - ლოგისტიკა, საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია, სამოქალაქო ინჟინერია, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია. უნივერსიტეტი განახლებული ენერგიით ხვდება ახალ სასწავლო წელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და თქვენთან ერთად ვულოცავ 2022/2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ. პროფესორმა ნოდარ პაპუკაშვილიმა წარმატებები უსურვა უნივერსიტეტს, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაღალკვალიფიციური კადრების სამჭედლოა, რომლის კურსდამთავრებულები ნაყოფიერად მოღვაწეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

სტუ-ის ინფორმაციით, WELCOME TO GTU -ის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო გასართობი სივრცეები. სტუ-ის მუსიკალურმა ჯგუფმა - The Blackberries სტუდენტებს დაუვიწყარ კონცერტი ცოცხალი შესრულებით მიუძღვნეს. საკონცერტო პროგრამას კი სტუ-ის სტუდენტმა, DJ ლაშა სულთანიშვილმა გააგრძელა და ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციები შესთავაზა.

სტუ-ში სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი