ნათია თურნავა - ჩვენ შევცვალეთ კი არა, დავაზუსტეთ წესი, რომელიც სხვადასხვა ფორმით მოქმედებდა ჯერ კიდევ გასული წლის თებერვლიდან - ბოლო ცვლილება, რაც შევიტანეთ, ემსახურება იმას, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოს იურისდიქციაში იყოს უნაკლო

18 სექტემბერს რაიმე სპეციალური გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკს არ მიუღია, უბრალოდ, ავტომატურად გავრცელდა სანქციები ბატონ ფარცხალაძეზე, რომელიც აღმოჩნდა პირველი საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოხვდა სანქციების სიაში - შეიძლება ვთქვათ, რომ შევცვალეთ კი არა, დავაზუსტეთ წესი, რომელიც სხვადასხვა ფორმით მოქმედებდა , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც 19 სექტემბერს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა, რომლის მიხედვითაც სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებზე გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართული სასამართლოს მიერ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი.

ნათია თურნავას განცხადებით, 19 სექტემბერს შეტანილი ცვლილება, ემსახურება იმას, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოს იურისდიქციაში იყოს უნაკლო და რაიმე წინააღმდეგობა ადგილობრივი კანონმდებლობის სახით არ ხვდებოდეს,

„ჯერ კიდევ 2022 წლის 26 თებერვლიდან ეროვნული ბანკი და შესაბამისად, ჩვენი მითითებით საქართველოს საფინანსო სისტემა მიერთებულები ვართ საერთაშორისო სანქციებს, რა სანქციებიც ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა დაუწესეს რუსეთს და ბელორუსს და აქედან გამომდინარე მივყვებით ამ სანქციებს განუხრელად. სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა დროს, წესი, რომელიც ჩვენ დავუდგინეთ ბანკებს, ევოლუციონირებდა იმიტომ, რომ სანქციები ჩვენთვის, თან ამ მასშტაბის სანქციები, არის შედარებით ახალი პრაქტიკა. ყველა სხვა ქვეყნისთვისაც ეს არის პრაქტიკა, რომელიც სულ იცვლება და მათი კანონმდებლობაც იცვლება. შესაბამისად იმ დროიდან მოყოლებული რამდენიმეჯერ შეიცვალა თვითონ წესი, ახალი მითითებები გაიცემოდა ბანკებზე, მაგრამ ჩნდებოდა სხვადასხვა საკითხი, რომლის ხელის მართვაც ხდებოდა. იმიტომ, რომ არ შეიძლება ყველაფერი ერთბაშად იყოს გათვალისწინებული. 2023 წლის აგვისტოში, როდესაც უკვე მე ვიყავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ჩვენ უფრო ძლიერი დოკუმენტი შევქმენით იმ ძველი დოკუმენტის საფუძველზე და ნორმატიული აქტის სახე მივეცით სწორედ იმიტომ, რომ გარკვეული კითხვები და პატარ-პატარა თუ მსხვილი ხარვეზები ჩნდებოდა და ჩვენ გვინდოდა ამ ხარვეზების ასახვა ამ დოკუმენტში. ძირითადი მომენტი იყო ის, რომ გარკვეული შეუსაბამობა არსებობდა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესს და ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი სამართალწარმოების პროცედურებს შორის. სანქციები და წესი, რომელიც ბოლო დრომდე მოქმედებდა, ითვალისწინებდა, რომ ბანკები ავტომატურად არიან მიერთებული და რომელი ქვეყნის სასანქციო სიაშიც არ უნდა მოხვდეს პირი, ავტომატურად უნდა იმოქმედონ და გაუჩერონ ტრანზაქციები, გაუყინონ ანგარიშები და ა.შ. ამას არ სჭირდებოდა ჩვენი ბრძანება, მე ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ 18 სექტემბერს რაიმე სპეციალური გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკს არ მიუღია, უბრალოდ, ავტომატურად გავრცელდა სანქციები ბატონ ფარცხალაძეზე, რომელიც აღმოჩნდა პირველი საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოხვდა სანქციების სიაში. რაიმე გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, რომელიც მერე შეიცვალა, მიღებული არ იყო, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ შევცვალეთ კი არა, დავაზუსტეთ წესი, რომელიც სხვადასხვა ფორმით მოქმედებდა ჯერ კიდევ გასული წლის თებერვლიდან.

თავიდანვე მინდ აიყოს ნათელი, რომ საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა ყოველთვის იყო ერთგული და დღესაც ერთგული რჩება და ხვალაც იქნება, საერთაშორისო სანქციების. მაგრამ ვართ რა ერთგული საერთაშორისო სანქციების, გვინდა, რომ მათი აღსრულება იყოს უნაკლო, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება და ეს ბოლო ცვლილება, რაც შევიტანეთ, ემსახურება იმას, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოს იურისდიქციაში იყოს უნაკლო და რაიმე წინააღმდეგობა ადგილობრივი კანონმდებლობის სახით არ ხვდებოდეს, იყო სრული სინერგია ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულებას შორის. ამის საპირწონედ და ამის გადასაწყვეტად იყო შეტანილი ის ცვლილება, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, თუკი ისინი აღმოჩნდებიან სასანქციო სიაში, არა კონკრეტული სახელი და გვარი, არამედ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, მათთან მიმართებაში ბანკები განახორციელებენ სანქციებით გათვალისწინებულ ზომებს იმ შემთხვევაში, როდესაც დადგება ძალაში საქართველოს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ანუ სანქციის აღსრულებასა და სანქციის დადებას შორის გარკვეული პროცედურა გავაჩინეთ, რომელიც შეესაბამება ჩვენს კანონმდებლობას, სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას და შესაბამისად, შუალედური მოკვლევა, შესწავლა, ჩვენი კანონმდებლობის როლი და ფუნქცია აღარ დაიკარგა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო