ნათია თურნავა - ჩვენ და საბანკო სისტემა ვართ ერთიანი, ერთ ნავში ვსხედვართ - საეჭვო ტრანზაქციის დროს, რომელიც რისკს უქმნის ბანკის სტაბილურობას, მათ აქვთ უფლება, განახორციელონ შემზღუდავი ზომები,  უბრალოდ, ეს არ ხდება ბრმად

ჩვენ და საბანკო სისტემა ვართ ერთიანი, ერთ ნავში ვსხედვართ, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, როგორც ფასების სტაბილურობაზე, ასევე საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე, ასევე სანქციების აღსრულებაზე, ჩვენ სინერგიაში მოვიყვანთ ყველა ჩვენს ვალდებულებას ბანკებთან ერთად, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ემუქრება თუ არა კომერციულ ბანკებს და მათ საერთაშორისო იმიჯს საფრთხე, თუ ისინი საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში კი კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს გვერდს აუვლიან.

ნათია თურნავას განცხადებით, წლებია მოქმედებს კანონი კომერციული ბანკების შესახებ, რომელიც ბანკებს ფართო უფლებას უტოვებს, რომ ისეთ ტრანზაქციასთან მიმართებით, რომელიც მათი შეფასებით რისკს უქმნის ამა თუ იმ ბანკის სტაბილურობას, განახორციელონ მთელი რიგი შემზღუდავი ზომები.

„ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ იმდაგვარი საკანონმდებლო ჩარჩო განვუსაზღვროთ ბანკებს, რომ მათ არ ემუქრებოდეთ არც იმის საფრთხე, რომ საერთაშორისო სანქციის დარღვევაში ვინმე დაადანაშაულებს და არც იმის საფრთხე, რომ ქართული კანონმდებლობის დარღვევაში ვინმე დაადანაშაულებს. ეს არ არის მარტივი ამოცანა. სხვა ქვეყნები, მათ შორის ევროპული ქვეყნები, კონკრეტული საკანონმდებლო აქტების გზით მიდიან და იქაც ქმნიან ამ ჩარჩოებს. ჩვენც ამ ამოცანას გადავწყვეტთ მომავალში კიდევ უფრო სრულყოფილად, მაგრამ პრინციპი, რაც უკვე შემოვიღეთ, პასუხობს სწორედ ამ ამოცანას, რომ არის ქართული კანონმდებლობა, არის საერთაშორისო ვალდებულებები და ბანკებმა უნდა უპასუხონ ორივეს. აქ ჩვენ და საბანკო სისტემა ვართ ერთიანი, ერთ ნავში ვსხედვართ, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, როგორც ფასების სტაბილურობაზე, ასევე საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე, ასევე სანქციების აღსრულებაზე, ჩვენ სინერგიაში მოვიყვანთ ყველა ამ ჩვენს ვალდებულებას ბანკებთან ერთად. პირველივე დღიდან ჩვენ ვართ კომუნიკაციაში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი რეგულაცია მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ გარდა ამისა, უკვე მრავალი წელია არსებობს კანონი კომერციული ბანკების შესახებ, რომელიც მათ ფართო უფლებებს უტოვებს, როდესაც საქმე აქვთ საეჭვო ტრანზაქციასთან, საეჭვო კლიენტთან. ისეთ ტრანზაქციასთან, რომელიც მათი შეფასებით რისკს უქმნის ამა თუ იმ ბანკის სტაბილურობას, მათ აქვთ უფლება, რომ განახორციელონ მთელი რიგი შემზღუდავი ზომები. უბრალოდ, ეს არ ხდება ბრმად, ესეც ხდება ანალიზის საფუძველზე და ჩვენი ბრძანება უკვე განსხვავებულ ჩარჩოს აწესებს და ერთობლიობაში ეს მუშაობს იმდაგვარად, რომ როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის რისკია მინიმიზირებული, ასევე საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესიც არის უფრო გამართული. ჩვენ მათთან სულ გვაქვს კომუნიკაცია, შეხვედრები და ამ ეტაპზე მშვიდადაა საბანკო სისტემა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

კითხვაზე: თუკი ოთარ ფარცხალაძეს, როგორც სანქცირებულ მოქალაქეს, ქართული კომერციული ბანკი საბანკო მომსახურების მიღებაზე უარს ეტყვის, რას იზამს ეროვნული ბანკი? - ნათია თურნავა პასუხობს, რომ კომერციულ ბანკებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რამდენად რისკიანია მათთვის ტრანზაქცია, ეროვნული ბანკი კი ზედამხედველობის ფარგლებში შეამოწმებს, რამდენადაა ეს სებ-ის ჩარჩოსთან შესაბამისობაში.

„ბანკი ვალდებულია, რომ შეაფასოს კონკრეტული რისკები და იმოქმედოს ამის მიხედვით. ასევე, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი სისტემა იმისგან, რომ არ მოხდეს სანქციებისგან თავის არიდება. კონკრეტულ სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირად იმუშავებს, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ მთლიანობაში პრიორიტეტია საერთაშორისო სანქციების დაცვა იმდაგვარად, რომ არცერთი კონკრეტული პიროვნება, არ ვიტყვი სახელს და გვარს, არ მივიდეს სასამართლოში, არ გაასაჩივროს და ეჭვქვეშ არ დააყენოს მის მიმართ გატარებული ზომები. ამის აღმოიფხვრას შევეცადეთ ჩვენ. შეიძლება კიდევ დავამუშაოთ, მაგრამ მთავარი პრინციპი არ შეიცვლება, პრინციპი არის ის, რომ სანქციების შესრულების გზაზე არ უნდა არსებობდეს ხარვეზი, მით უფრო ისეთი კითხვის ნიშანი, რამდენად შეესაბამება ეს ქვეყნის ადგილობრივ კანონმდებლობას. ეს კითხვის ნიშანი თუ იარსებებს, ყოველთვის იქნება საფრთხე სანქციის სწორი აღსრულების მიმართ.

რატომაა რომ სხვა ქვეყნებიც სხვადასხვა ნორმატიულ აქტებს ქმნიან ქვეყნის შიგნით და უბრალოდ არ ამბობენ, რომ მიერთებული ვარ? იმიტომ, რომ ყველას აქვს თავისი ინტერესები, თავისის ჩარჩო კანონმდებლობა და ისინი ეძებენ ბალანსს საერთაშორისო სანქციასა და თავის კანონმდებლობას შორის. სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაში ბრმად უნდა დაუთმოს სახელმწიფომ თავისი უფლებების განხორციელება და დაეთმოს სხვაგან გაკეთებულ დასკვნებს და კვლევებს, რომელიც ხშირად ჩვენთვის ხელმისაწვდომიც არ არის, ამიტომ ბანკებს აქვთ თავისი ჩარჩო, მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ, რამდენად რისკიანია მათთვის ტრანზაქცია, ჩვენ კი ზედამხედველობის ფარგლებში შევამოწმებთ, რამდენადაა ეს ჩვენს ჩარჩოსთან შესაბამისობაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებზე გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართული სასამართლოს მიერ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები ვრცელდება, თუმცა საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა სრულ შესაძლებლობას, რომ უფრო სრულყოფილად კვლავ შესრულდეს საერთაშორისო სანქციები.

„სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები ვრცელდება. ერთნი ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება არაფერს შეცვლის და ისევ გააგრძელებენ საერთაშორისო სანქციების შესრულებას, ხოლო მეორენი ამბობენ, რომ დაიქცა ქვეყანა და ამ გადაწყვეტილების შემდეგ სანქციებს აღარ შეასრულებენ, არც ერთია სწორი და არც მეორე. ჩვენ და ბანკები ვართ ერთ პოზიციაზე. დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა სრულ შესაძლებლობას, რომ უფრო სრულყოფილად კვლავ შესრულდეს საერთაშორისო სანქციები. კონკრეტული მექანიკური დეტალები, როდის როგორ ვიმოქმედებთ ერთობლიობაში, ეს ჩვენ დაგვიტოვეთ, ჩვენ და ბანკები ამას ყოველთვის ერთმანეთში შევაჯერებთ და ეს აქამდეც ასე იყო. ბევრი რეგულაცია ასე მარტივად არ სრულდება, ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია, შეკითხვა ბანკებიდან და ჩვენგან მიდის კონკრეტული მითითება. აქ მთავარია პრინციპი, რომ ჩვენს პოზიციებს შორის რაიმე ურთიერთგანსხვავებული არც დაფიქსირებულა და ვერც იქნება იმიტომ, რომ ჩვენ კონსტიტუციით ვართ პასუხისმგებლები ფინანსურ სტაბილურობაზე. არცერთ ბანკს არ უნდა შეექმნას ფინანსური სტაბილურობის პრობლემა, ამავდროულად, კონსტიტუციის დაცვაზე ვართ პასუხისმგებლები თითოეული ბანკის კლიენტის მიმართ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო