მეუფე შიო - ჩვენი მწუხარება სიხარულით შეიცვლება, ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება და ჩვენსა და აფხაზებს შორის ისევ ძმობა აღდგება - ერთადერთი გამოსავალი არის ურთიერთშენდობა, ურთიერთმონანიება, ურთიერთმისამძიმრება

ღვთის წყალობით, ჩვენი მწუხარება სიხარულით შეიცვლება, ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება და ჩვენსა და აფხაზებს შორის ისევ ძმობა აღდგება, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მეუფის თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის ურთიერთშენდობა, ურთიერთმონანიება, პატიება, ურთიერთმისამძიმრება.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ ჯვართამაღლების დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას.

დღეს ვფიქრობთ ქრისტეს ჯვრის მნიშვნელობაზე, „გვაცხოვნენ ჩვენ, ჰოი, საღვთო ძალავ პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა უფლისაო და ნუ დაგვიტევებ ჩვენ ცოდვილთა“, - ასე ლოცულობს წმინდა ეკლესია, ასე გვასწავლის ჩვენ ლოცვას ჯვრისადმი, იმიტომ რომ ჯვარი ნამდვილად არის ცოცხალი ღმერთის ნიშანი, ჯვარი არის ცოცხალი საღვთო სიყვარულის ნიშანი, იმ სიყვარულისა, რომლითაც შეიქმნა სამყარო, იმ სიყვარულისა, რომლითაც შეიქმნა ადამიანი, იმ სიყვარულის ნიშანია, რომელიც განხორციელდა და გამოვლინდა ძე ღმერთში, უფალ იესო ქრისტეში, ჩვენი გადარჩენისთვის.

ჯვარი - ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება, - აი, ასე გვასწავლიან ჩვენ წმინდა ეკლესია და ეკლესიის წმინდა მამები. ამიტომაც წმინდა ჯვარს თაყვანს ვცემთ და მივმართავთ, როგორც ცოცხალ არსებას. ჩვენ თაყვანს ვცემთ თვით ღმერთკაცის, თვით ყოვლადწმინდა სამების თავგანწირულ სიყვარულს, როცა თაყვანს ვცემთ წმინდა ჯვარს.

ჩვენ, ყველა, ჩვენს სხეულზე ვატარებთ ჯვარს, მაგრამ მთავარია, რომ ჯვარი გამოვსახოთ ჩვენს გულში, რომ ჯვარი აღვმართოთ ჩვენს გულში და იმ გზით ვიაროთ, რომელსაც გვაჩვენებს ქრისტეს ჯვარი. ეს არის თავგანწირული სიყვარულის გზა, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ეს თავგანწირული სიყვარულია, ჩვენ გვეშინია ამ გზაზე სიარულისა, გვეშინია თავგანწირვისა და გვავიწყდება, რომ სწორედ ასეთ თავგანწირულ სიყვარულს მივყავართ ნამდვილი კეთილდღეობისკენ, ნამდვილი სიყვარულისკენ, ნამდვილი სინათლისკენ, ნამდვილი სიხარულისკენ... და გვავიწყდება ისიც, რომ როგორც კი ამ ჯვარს აღვმართავთ ჩვენს გულში და მოვისურვებთ სვიმონ კვირინელთან ერთად დავდგეთ და ვზიდოთ ქრისტეს ჯვარი, ის ჩვენთვის ხდება სიხარულის მომნიჭებელი... და გვავიწყდება ის, რომ მხოლოდ ასეთ თავგანწირულ სიყვარულს (სადაც არის მხოლოდ ეს ჯვარი ქრისტესი და თავგანწირული სიყვარული, იქ არის მხოლოდ სამოთხისეული სიტკბო და სამოთხისეული სიხარული) მივყავართ ამ სიხარულისა და მარადიული სიტკბოსკენ, როგორც ზეციურ ცხოვრებაში, ასევე აქ, აი, ამ მიწიერ ცხოვრებაში.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს, როდესაც ვემთხვევით პატიოსან ჯვარს, ვევედროთ უფალს და ჯვრის ძალას, რომ მუდამ იყოს ჩვენთან, დაგვიფაროს და შეგვეწიოს ცხოვრებისეულ გზაზე, იმიტომ რომ ჩვენც გვინდა უფალ იესო ქრისტესთან ერთად ვიაროთ ღმერთის და მოყვასის თავგანწირული სიყვარულის გზაზე.

დღეს აღინიშნება ასევე ჩვენი ერისთვის ძალიან მწუხარე დღე, შესრულდა 30 წელი სოხუმის დაცემიდან. ჩვენ ვიხსენებთ ამ ტრაგიკულ ომს, სადაც დაიღუპა 15 000-ზე მეტი ადამიანი, რასაც მოჰყვა, პრაქტიკულად, მთელი ქართული მოსახლეობის გამოდევნა ეროვნული ნიშნით საკუთარი მიწა-წყლიდან, საკუთარი კუთხიდან, მოხდა ეს დიდი ბოროტებაც. საერთოდ, ეს ყველაფერი იყო ბოროტება...

დღეს ჩვენ გადავიხდით პანაშვიდს და მოვიხსენიებთ დაღუპულთა სულებს, როგორც მეომრებს, ასევე საერო პირებს, როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს.

მინდა, შეგახსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიტყვები ამასთან დაკავშირებით. იგი ბრძანებს: „ჩვენ ორივემ შევცოდეთ, როგორც ქართველებმა, ასევე აფხაზებმა, როდესაც ერთმანეთზე ხელი აღვმართეთ. ეს ომი არ იყო ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ ეს ომი იყო ჩვენი ძმობის წინააღმდეგ გამართული ომი. მავანს და მტერს უნდა, რომ დაგვშალოს და იბატონოს ჩვენზე. ამაზე უნდა დავფიქრდეთ, ეს უნდა გავაანალიზოთ“, - ბრძანებს მისი უწმინდესობა და გვწამს, რომ ღვთის წყალობით, ჩვენი მწუხარება სიხარულით შეიცვლება, ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება და ჩვენსა და აფხაზებს შორის ისევ ძმობა აღდგება. ერთადერთი გამოსავალი ეს არის - ურთიერთშენდობა, ურთიერთმონანიება, პატიება, ურთიერთმისამძიმრება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვართამაღლების დიდებულ დღესასწაულს, ჯვრის ძალამ და მადლმა დაგიფაროთ ყოველი თქვენგანი, ჯვრის ძალამ და მადლმა დაიფაროს, დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს საქართველო, ამინ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი