სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭო - გთხოვთ გააუქმოთ კულტურის, სპორტისა მინისტრის დადგენილება

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნების პროცესის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

აკადემიური საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რექტორის არჩევნები გამოცხადდა და მიმდინარეობდა კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით და მისი დაცვით.

მათივე ცნობით, კონსერვატორიის რექტორის არჩევნების გამოცხადების შესახებ აკადემიური საბჭოს გაუქმებული დადგენილება სრულად შეესაბამებოდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის No05/90 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მოთხოვნებს და იგი მიღებული იქნა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კონსერვატორიის მოქმედი წესდების შესაბამისად ფორმირებული აკადემიური საბჭოს მიერ.

„ამ წესით ფორმირებული აკადემიური საბჭოს მიერ აირჩეოდა კონსერვატორიის რექტორები წლების განმავლობაში იმ ფონზე, რომ ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი კონსერვატორიაში არსებობს 2002 წლიდან (არა როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეული, არამედ როგორც კონსერვატორიის სტრუქტურული ერთეული).

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება ავალებს კონსერვატორიას განახორციელოს ცვლილება წესდებაში და სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრს განუსაზღვროს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი. სამინისტროს პოზიციით, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს რექტორის არჩევნები, რადგან „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, აღნიშნული სტატუსი ტრადიციული მრავალხმიანობის საერთშორისო ცენტრს მისცემს შესაძლებლობას ჰყავდეს არჩეული წარმომადგენელი აკადემიურ საბჭოში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამომავლოდ ცენტრისთვის სტატუსის განსაზღვრის საკითხი არ არის კავშირში რექტორის არჩევნების პროცესთან, და მიგვაჩნია, რომ ცენტრისთვის სამომავლოდ განსასაზღვრი სტატუსის საკითხი არ შეიძლება გახდეს რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული დადგენილების გაუქმების საფუძველი („სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ 2023 წლის 28 ივლისის No52/2023).

კონსერვატორიის მართვის ორგანოები კანონით დადგენილი წესით, პროცედურით და არსებული ადამიანური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით იმსჯელებს და ჩამოაყალიბებს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით (ცენტრი იყოს კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის, კონსერვატორიის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის, თუ კონსერვატორიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსით თუ სხვა).

აქვე აღვნიშნავთ, რომ აკადემიური საბჭოს შემადგენლობის გაზრდის საკითხი, ჯერ კიდევ, 2022 წლის მაისში დაისვა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინაშე, როდესაც კონსერვატორიის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების მიერ შემუშავებული კონსერვატორიის წესდების ცვლილებების პროექტი, მათ შორის აკადემიური საბჭოს შემადგენლობის გაზრდის წინადადება წარდგენილი იქნა სამინისტროში დასამტკიცებლად. წარდგენილ დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ იმ დროისთვის მოქმედ აკადემიურ საბჭოს ვადა ეწურებოდა 2022 წლის 28 სექტემბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ კონსერვატორიამ უნდა განაგრძოს კანონმდებლობის და კულტურის სამინისტროს მიერ 2014 წლის 7 ივლისის No05/90 ბრძანებით დამტკიცებული და დღეს მოქმედი კონსერვატორიის წესდების სრული დაცვით წარმოებული რექტორის არჩევნების პროცესი და აქედან გამომდინარე, გთხოვთ გააუქმოთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის (No16 სხდომაზე) დადგენილების გაუქმების შესახებ ( „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“). სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭო

აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია 7 წევრით. მათგან ექვსმა (6) მხარი დაუჭირა ზემოთ აღნიშნული განცხადების ტექსტს: ნანა შარიქაძე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, მარინა ქავთარაძე, გვანცა ღვინჯილია, გიორგი (გოგა) შავერზაშვილი, მერი ჟვანია, ზეინაბ (ლალი) ბაქრაძე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მანამდე კულტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კულტურის სამინისტრო მიესალმება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის გადაწყვეტილებას რექტორის არჩევნების პროცედურის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.

სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, დაეხმაროს კონსერვატორიას საარჩევნო პროცედურის კანონის შესაბამისად მომზადებაში, რისთვისაც ვადად განისაზღვრა ხუთი სამუშაო დღე.

სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ხარვეზი აღმოიფხვრება, რის შემდეგაც კონსერვატორია შეძლებს, რექტორის არჩევნები, კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით, შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩაატაროს.

უწყების ინფორმაციით, უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ვადა არ იწურება მიმდინარე წლის 21 ოქტომბრამდე, რაც კონსერვატორიის უწყვეტად ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პირობაა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო