გეოგრაფიული აღნიშვნა „მუხურის თაფლი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

გეოგრაფიული აღნიშვნა „მუხურის თაფლი“ „საქპატენტში“ 2022 წლის 22 დეკემბერს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას „მუხურის თაფლის“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, „90-იანი წლების“ სახელით ცნობილ პერიოდში განსაკუთრებით გაჭირდა ცხოვრება. პურის რიგით დაწყებული, უხელფასოდ გატარებული დღეებით გაგრძელებული ფინანსური სიდუხჭირე ყოველ ოჯახს შეეხო. ამბობენ, მაშინ ხალხმა გასაყიდად გაიტანა ყველაფერი, საოჯახო რელიკვია თუ ელემენტარული ღირებულების მქონე ნივთები, რათა პურის ფული ეშოვაო. იმასაც ამბობენ, „შავი ბაზრით“ დაინტერესებულმა გადამყიდველებმა სამეგრელოში თვალი დაადგეს ფუტკრის უნიკალურ ჯიშს, გრძელხორთუმიან ფუტკარს და მეფუტკრეებს, ფუტკრის მასობრივი გაყვანის სანაცვლოდ, მსუყე თანხაც კი შესთავაზესო. ეს იყო შემთხვევა, როდესაც არც ერთ ოჯახს, არც ერთი სკა არ გაუხსნია და ფუტკარი ფულზე არ გადაუცვლია. გადმოცემით ცნობილია, რომ სამეგრელოს იმ მხარეში - ჩხოროწყუში, სადაც გრძელხორთუმიანი ფუტკრის სახეობა ბინადრობს, ყველა მოსახლემ პირი შეკრა, გაჭირვება მოითმინა და გრძელხორთუმიანი ფუტკარი მშობლიურ გარემოში შეინარჩუნა.

აი, სწორედ ამ ფუტკრის სახეობა გვაძლევს გამორჩეული გემოვნური თვისებებისა და არომატის მქონე „მუხურის თაფლს“.

მუხურელების მტკიცე ხასიათი იმასაც მოწმობს, რომ ეს ხალხი ფუტკრის სახით უძველეს კულტურას ინახავს, იმაზე ძველს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამას ადასტურებს ფუტკრის დალოცვა – წინაქრისტიანული გასაოცარი ტრადიცია, რომელსაც მეგრულად ჯარაგუნა ჰქვია. ჯა - მეგრულად ხევს ნიშნავს, აგუნა - ნაყოფიერების კოლხურ ღვთაებას. სიტყვის ეტიმოლოგია გვეუბნება, რომ მეფუტკრეები ნაყოფიერების ღვთაებას ფუტკარს შეავედრებდნენ. საუკუნეებია დალოცვის რიტუალი არ შეცვლილა. ტექსტი დღესაც კი ყველა მხცოვანმა მეფუტკრემ იცის, თუმცა მისი გამხელა აკრძალულია. მეფუტკრეებს შორის უხუცესი ყოველი წლის გაზაფხულზე, აღდგომიდან მეორმოცე დღეს ლოცვას იწყებს და სჯერა, რომ იმ წელს თაფლი უხვად ექნება. ასეც ხდება. რწმენას შედეგი მოაქვს და ჩხოროწყუს რეგიონი, ყოველ წელს, ამ უნიკალური თაფლის სახეობით მთელ საქართველოს ამარაგებს.

მუხურის თაფლის უნიკალურობას განსაზღვრავს ადგილობრივი მრავალფეროვანი ფლორა. განსაკუთრებით კი ათამდე დასახელების თაფლოვანი მცენარეების არსებობა. გასათვალისწინებელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. ამას ემატება გრძელხორთუმიანი ფუტკრის უნიკალური ჯიში და საბოლოოდ ვიღებთ იმდენად განსაკუთრებული თაფლის სახეობას, რომ მასზე დაკვირვებას მთელი მსოფლიო აწარმოებს. მუხურის გრძელხორთუმიანი ფუტკრის სახეობამ მაღალი რეპუტაცია XX საუკუნის შუა წლებშიც მოიპოვა. მან სამჯერ მიიღო უმაღლესი შეფასება მსოფლიო საერთაშორისო გამოფენაზე (1961-1965-1971 წლებში). მუხურის თაფლის მწარმოებელი მეგრული პოპულაციისთვის დამახასი­ათე­ბელია რუხი ფერი, ყველაზე გრძელი ხორთუმი (7,15-7,25 მმ), ფეხებისა და ფრთების მეტი სიგრძე, თვინიერება, სუსტად გამოხატული ბუნებრივი ნაყრიანობა, ღალიანობის უფრო ეფექტიანად სარგებლობა, ბუდის აქტიურად დაცვა, ღალის წყაროს სხვაზე მალე პოვნა არახელსაყრელ პირობებშიც კი, ღალაზე მუშაობის უნარი, ზამთარში თაფლის მარაგის ეკონომიურად ხარჯვა, ბუდეში სისუფთავის დაცვა, წითელი სამყურას დამტვერვის შესაძლებლობა.

მუხურის თაფლის მისაღებად სკები განთავსებულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის არეალში, ძირითადად, 300-დან 2200 მეტრის სიმაღლეზე, ფუტკრის ინფექციური დაავადებების მიმართ კეთილსაიმედო ადგილებში.

დასაშვებია საფუტკრის მთა-ბარობაც, ოღონდ მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ისე, რომ არ მოხდეს სხვა რეგიონში მიღებული თაფლის შერევა მუხურის თაფლთან.

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: ttps://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი