„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ აქციაზე პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობა იყო მობილიზებული - ეს საერთაშორისო სტანდარტებთან არათავსებადია

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ 11 სხვადასხვა აქციის მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ აქციაზე პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობა იყო მობილიზებული და ხშირად სამსახურებრივი უნიფორმის გარეშე იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული აქციების მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, ეს ყოველივე საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან არათავსებადია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ აქციების მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, შეკრებების დროს მობილიზებული პოლიციელების რაოდენობასა და არაიდენტიფიცირებად პოლიციელებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ადამიანის უფლებებზე მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი 2023 წლის იანვრიდან - დღემდე 11 აქციას დააკვირდა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორების შეფასებით, ზოგიერთ აქციაზე პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობა იყო მობილიზებული. ამასთან, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ აქციებზე პოლიციელები ხშირად სამსახურებრივი უნიფორმის გარეშე იმყოფებიან, რის გამოც მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია. ვინაიდან დასახელებული შემთხვევები საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან არათავსებადია, უფლებათა ცენტრის ანგარიში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ რეკომენდაციებს მოიცავს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ადვოკატირებას აგრძელებს და ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახული რეკომენდაციები გაითვალისწინონ და თითოეული მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად ითანამშრომლონ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ანგარიშში ორგანიზაცია რეკომენდაციების მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოუწოდებს, ეფექტიანად უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, ასევე, შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად იხელმძღვანელოს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებით.

„აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, სახელმწიფომ სიტუაციის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ეს ცხადია, ეხება აქციაზე პროპორციული რაოდენობით პოლიციელების მობილიზებას. პოლიციელთა არაპროპორციულმა და გადაჭარბებულმა ჩარევამ დაძაბულობის შემცირების ნაცვლად, შესაძლოა, პირიქით - შექმნას კონფრონტაციული სიტუაცია და შესაძლო კონფლიქტის დეესკალაციის ნაცვლად, გამოიწვიოს მისი გამძაფრება. საუკეთესო პრაქტიკა მიუთითებს, რომ, ჩვეულებისამებრ, პოლიციელთა ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა საჯარო წესრიგის დასაცავად, უნდა განისაზღვროს ერთობლივად სამართალდამცავი ორგანოებისა და აქციის ორგანიზატორების მიერ. არ არის რეკომენდებული პოლიციელების დიდი რაოდენობით მობილიზება ისეთ აქციებზე, სადაც ამის აუცილებლობა არ არსებობს - მაგალითად, კონკრეტულ ადგილზე პოლიციელთა დიდი რაოდენობა შესაძლოა ორგანიზატორს აღუძრავდეს შიშს, რომ აქციის მონაწილეები ამას აღიქვამენ, დაპირისპირების მდგომარეობად და, შესაბამისად, ორგანიზატორებს

უნდა შეეძლოთ, პოლიციას სთხოვონ დაბალი ხილვადობის გამოჩენა, მათ შორის, ნდობის განმტკიცებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით. მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ის პოლიციელები, რომლებიც ჩართულები არიან საპროტესტო აქციების მშვიდობიანად ჩატარების ორგანიზებაში, აქციის მიმდინარეობისას იყვნენ ნათლად და ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს აქციაზე წარმოდგენილი პოლიციელების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, რადგანაც ასეთ პოლიციელებს აქვთ განცდა, რომ ისინი არიან დაკვირვების ქვეშ და თუკი დაარღვევენ კანონის მოთხოვნებს, შესაძლებელია დადგეს მათი პასუხისგებაში მიცემის საკითხი. შესაბამისად, პოლიციელთა ეფექტური ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად, საზოგადოებისათვის პოლიციის თანამშრომლები ყოველთვის უნდა იყვნენ ადვილად იდენტიფიცირებადები, რისთვისაც ისინი უნდა ატარებდნენ შესაბამის ფორმებს ან სხვა მიმანიშნებელ ნიშანს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ რეკომენდაციით: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: ეფექტურად უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა; შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად იხელმძღვანელოს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებით; შეკრებისა და მანიფესტაციის ფასილიტაციის პროცესში უზრუნველყოს ფორმიანი და იდენტიფიცირებადი პოლიციელების მონაწილეობა; შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს უზრუნველყოს პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება; უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა დაცვა ძალადობრივი კონტრდემონსტრანტებისგან“,- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო