„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - სახელმწიფოსგან პრივილეგირებულმა კომპანია „ნეოსტარმა“ 53 მილიონ ლარზე მეტი შესყიდვები მიიღო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, სახელმწიფოსგან პრივილეგირებულმა კომპანია „ნეოსტარმა” 53 მილიონ ლარზე მეტი შესყიდვები მიიღო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოუწოდებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კონკრეტული ფაქტები შეისწავლონ და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარონ.

„ნეოსტარი” სახელმწიფოსგან პრივილეგირებული კომპანიაა. ის და მისი შვილობილი კომპანიები უკონკურენტო პირობებში სახელმწიფო კონტრაქტებს იღებენ. „ლეგისთან” და „ჯორჯიან სტოუნთან” ერთად, ქობულეთის მუნიციპალურ შესყიდვებში „ნეოსტართან” დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანია, შპს „ლეგიონი” გამოჩნდა.

„ნეოსტარს” შვილობილ კომპანიებთან ერთად 2011 წლიდან დღემდე 161,369 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთები (მათ შორის 129,852 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად) და 53,661,137 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები აქვს მიღებული.

ბიზნესმენ ლეონიდ ეზიკის მიერ დაფუძნებულმა კომპანიებმა „ნეოსტარმა” და „ლეგიმ” ხელისუფლებისგან მასშტაბური მხარდაჭერა რამდენჯერმე მიიღეს:

პირველი ქონება, რომელიც შპს “ლეგიმ” აჭარის მთავრობისგან 1 ლარად მიიღო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე 32,382 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყო. ეს გარიგება 2011 წლის 18 ივლისს შედგა და კომპანიამ ვალდებულებად აიღო ბეტონის ნაკეთობათა ქარხნის მშენებლობა და 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

2017 წლის 24 იანვარს, 88-ე განკარგულებით, უკვე საქართველოს მთავრობამ მიყიდა 1 ლარად „ნეოსტარს” ლილოს დასახლებაში 97,470 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. კომპანიამ ვალდებულება აიღო, გაეხსნა სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო და პროექტში 3,508,920 ლარის ინვესტირება მოეხდინა. იმავე წლის სექტემბერში კომპანიამ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიღებული მიწის ნაკვეთი იპოთეკით დატვირთა, აღებული სესხის დასაფარად კი პროგრამა „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში ფინანსური მხარდაჭერა გაუწია.

2020 წელს შპს “ლეგიმ” უპირობო აუქციონში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და მიიღო თერჯოლაში, სოფელ ნახშირღელეში, საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ, 31,517 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. აუქციონში გამარჯვების სანაცვლოდ ლეონიდ ეზიკმა 160,000 ლარი გადაიხადა. კომპანიის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორის, სერგო ლექვინაძის თქმით, „ლეგი” აქ დეკორატიული ფილების საწარმოს ააშენებდა და მასში 6 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავდა. სერგო ლექვინაძე 2010 წელს ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან”, თუმცა 2013 წელს დატოვა ეს პარტია და „პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციას შეუერთდა.

შპს „ლეგი” 100%-ს ფლობს კომპანია „ჯორჯიან სტოუნში”, რომლის დირექტორი ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბადრი რომანაძეა. “ჯორჯიან სტოუნის” ამავე მუნიციპალიტეტის ტენდერებში საეჭვო მონაწილეობის შესახებ პირველი კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2021 წლის 3 თებერვალს გამოაქვეყნა.

აღნიშნული კვლევის გამოქვეყნებამდე შპს „ჯორჯიან სტოუნმა” ტენდერებიდან 39,154,543 ლარი მიიღო, ხოლო გამარტივებული შესყიდვებიდან - 756,229 ლარი. მათ შორის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოგებული ტენდერებიდან მიღებული ჰქონდა 24,550,616 ლარი. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ კი სახელმწიფო შესყიდვებიდან დამატებით 11,677,225 ლარი მიიღო, მათ შორის 4,942,264 ლარი - ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან.

ქობულეთის შესყიდვებში „ნეოსტარისა” და „ლეგის” კიდევ ერთი შვილობილი კომპანია, „ლეგიონი” 2022 წლის თებერვლიდან გამოჩნდა. „ლეგიონი” კომპანია „ნეოსტარმა” და გიორგი დოლბაიამ 2020 წლის 17 ნოემბერს დააფუძნეს. დოლბაია ამავე კომპანიის დირექტორი და 15%-ის მფლობელია, 85% - „ნეოსტარის” საკუთრებაშია.

კომპანიამ პირველივე, 107,000 ლარის ღირებულების ტენდერი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოიგო. ამ ტენდერში შემსყიდველმა მოითხოვა, რომ პრეტენდენტს, კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელების კუთხით, სულ მცირე, 300,000 ლარის ღირებულების გამოცდილება ჰქონოდა. შპს “ლეგიონმა” შემსყიდველს შპს „ჯორჯიან სტოუნთან” გაფორმებული ქვეკონტრაქტორობის ხელშეკრულებები წარუდგინა.

შპს „ლეგიონი” სულ 11 ტენდერში მონაწილეობდა, საიდანაც 6-ში გაიმარჯვა. მოგებული 6 ტენდერიდან 4 შემთხვევაში შემსყიდველი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია იყო, საიდანაც 3 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო.

მოგებული ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 1,473,903 ლარია, უშუალოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური თანხა კი 828,451 ლარია (56%), მათ შორის უკონკურენტოდ მოგებული ტენდერების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 720,614 ლარს (ქობულეთის ტენდერებიდან მიღებული თანხის 87%).

საყურადღებოა, რომ ყველა ტენდერში კომპანიამ შემსყიდველს გამოცდილების დასადასტურებლად წარუდგინა შპს „ჯორჯიან სტოუნთან” გაფორმებული ქვეკონტრაქტორობის ხელშეკრულებები. შპს „ლეგიონი”, შპს „ჯორჯიან სტოუნი” და შპს „ლეგი” ტენდერებში ერთმანეთს კონკურენციას არ უწევენ.

გიორგი დოლბაია 2011 წლიდან 2020 წლის 22 დეკემბრამდე იყო შპს „ხობი-2005-ის” დირექტორის მოადგილე/ინჟინერი. ამ საპროექტო კომპანიამ შეადგინა ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციები, რის საფუძველზეც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ორივე მათგანში შპს „ლეგიონმა” უკონკურენტოდ გაიმარჯვა და ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

შპს „ხობი-2005” დასავლეთ საქართველოში საპროექტო მიმართულებებით მომუშავე კომპანიაა, რომელმაც ათეულობით ტენდერიდან და გამარტივებული შესყიდვიდან 3,5 მილიონ ლარამდე მიიღო. ქობულეთის მუნიციპალიტეტთან გაფორმებულ ხელშეკრულებების რაოდენობა 30-ს აჭარბებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ ზემოაღნიშნული ფაქტები და გაატარონ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო