ევროკავშირი საქართველოში, ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მე-12 საკონკურსო წელს ჩაატარებს

კონკურსში განაცხადების მიღება 2023 წლის 1 ნოემბრამდე გრძელდება. გააკეთეთ განაცხადი აქედან.

“ჟურნალისტები არ ვმუშაობთ ტაშისთვის, ჯილდოსთვის და მადლობებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ, იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი პროფესია” - ამბობს ნინო ნარიმანიშვილი, რომელიც 2022 წელს პროფესიული კონკურსის - “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” - ერთ-ერთი გამარჯვებულია. ნინოს ნაშრომმა, რომელიც ემიგრაციის თემას ეხებოდა, საპრიზო ადგილი მოიპოვა კატეგორიაში „საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში“. აპლოდისმენტებისთვის არ მუშაობს, მაგრამ აღიარებს, რომ ევროკავშირის პრიზი ყველაზე პატივსაცემი და პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც მოტივაციას უქმნის საქართველოში მოქმედ პროფესიონალებს, შექმნან ხარისხიანი პროდუქტი.

ჯილდოს დანიშნულებაც ესაა: ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს მედიის მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას; ხოლო მეორე მხრივ, დაამკვიდროს და წაახალისოს მაღალპროფესიონალური ეთიკური სტანდარტები ქართულ ჟურნალისტიკაში.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ უდიდესი ინფორმაციული ნაკადისა და დეზინფორმაციის ეპოქაში ეთიკასა და პასუხისმგებლობაზე დამყარებულ ჟურნალისტიკას ალტერნატივა არ გააჩნია.

“ხარისხიანი ჟურნალისტიკა გამარჯვების ერთადერთი გზაა, ხოლო ხარისხიანი ჟურნალისტიკის აღიარება და დაფასება ევროკავშირის პრიზის არსსა და მიზანს წარმოადგენს”,- აღნიშნავს ელჩი და აცხადებს, რომ დაარსების დღიდან კონკურსი სწორედ ამ მიზნებს მიჰყვება.

მთავარი ჟურნალისტური ღონისძიება პროფესიონალებს წელს უკვე მეთორმეტედ გააერთიანებს. სპეციალური ჟიური ჯილდოს რვა კატეგორიაში გასცემს. საუკეთესო სტატიასთან ერთად კონკურსში ასევე გამოვლინდება:

  • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
  • ყველაზე ორიგინალური დაინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულან სამაუწყებლო მედიაში;
  • ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო.

პროფესიონალი ჟურნალისტების გარდა კონკურსი შანსს სტუდენტებსაც აძლევს. გასული წლიდან ნომინაციებს “საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ოლაინ მედიაში” დაემატა. ამ ნაბიჯით ევროკავშირი მოტივაციისა და ინტერესის გაღვივებას ახალგაზრდა თაობაშიც ცდილობს.

“სტუდენტებს ვურჩევ, მიიღონ მონაწილეობა ამ ძალიან მნიშვნელოვან კონკურსში. ვფიქრობ, ამ ნაბიჯით კიდევ უფრო მეტად განვითარდებიან თავიანთ საქმეში და შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ნამუშევარი უფრო მეტ ადამიანამდე მიიტანონ”,- ამბობს 2022 წლის სტუდენტური ნომინაციის გამარჯვებული ქრისტინე გოგალაძე.

ახალი კატეგორიების პარალელურად, კონკურსი ტრადიციულ ჯილდოსაც გასცემს - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურ კონკურსში წარდგენილი ნამუშევრების თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია და ისეთ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა დიდი ნაწილი ყოველდღიური ახალი ამბების გამოშვებების ყურადღების მიღმა რჩება.

“ამ კონკურსმა დაამტკიცა, რომ საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი კარგი, ნიჭიერი, პროფესიონალი ჟურნალისტი. ძალიან მიხარია, რომ ნამუშევრების თემატიკა არის მრავალფეროვანი. უაქტუალურეს და უმნიშვნელოვანეს თემებს ეხებიან ჩვენი კოლეგები”,- აღნიშნავს 2022 წლის ჟიურის წევრი, ჟურნალისტი მაკა ანთიძე.

კონკურსში - “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” - განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 3 მაისს დაიწყო. რეგისტრაცია ჯერ ისევ ღიაა და დაინტერესებულ პირებს ნამუშევრების წარდგენისთვის ვადა, 2023 წლის 1 ნოემბრის 18:00 საათამდე აქვთ.

(R)

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი