თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის (ავსტრია) რექტორი და ვიცე-რექტორი სტუმრობდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის (ავსტრია) რექტორი, პროფესორი ვოლფგანგ ფლაიშჰაკერი და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პროფესორი ქრისტინ ბენდტლოუ ეწვივნენ.

ავსტრიელმა პროფესორებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიელმა პროფესორებმა დაათვალიერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განახლებული, მეორე სასწავლო კორპუსი, კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი, თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა.

საპატიო სტუმრები შეხვდნენ თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორს, ასოცირებულ პროფესორს, ეკა ეკალაძეს და ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ემორის (ატლანტა, აშშ) უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორს, პროფესორ არჩილ უნდილაშვილს. შეხვედრაზე ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სპეციფიკას გაეცნენ.

დელეგაციის წევრებმა ოფიციალური შეხვედრა გამართეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასთან, ვიცე რექტორთან, პროფესორ ხათუნა თოდაძესთან და თსსუ-ის რექტორის აპარატის უფროსთან, ასოცირებულ პროფესორ ირინა კაპეტივაძესთან.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტთან მჭიდრო და წარმატებული კავშირის მრავალწლიანი ტრადიცია აქვს და დღემდე წარმატებით თანამშრომლობს როგორც აღნიშნულ უნივერსიტეტთან, ისე ტიროლის კლინიკების გაერთიანების დასავლეთ ავსტრიის საგანმანათლებლო ცენტრთან (AZW).

ამ თანამშრომლობაში დიდია ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმის, თსსუ-ის კურსდამთავრებულის, თსსუ-ის საპატიო დოქტორის, ქალბატონ ირმა კვიცარიძის ღვაწლი, რომელიც აქტიურადაა ჩართული თავისი მშობლიური უნივერსიტეტის აქტივობებში. ქალბატონი ირმა კოლეგებთან ერთად ხშირად სტუმრობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს. ავსტრიელი სპეციალისტები კითხულობენ ლექციებს სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის, ატარებენ მასტერკლასებსა და სემინარებს.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონ ირმა კვიცარიძის ძალისხმევით, თსსუ-ში გრძელდება პროფესორ მანანა ქუთელიას სახელობის გაცვლითი პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს თსსუ-ის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, რეზიდენტებს, საექთნო პროგრამის სტუდენტებს, ახალგაზრდა სპეციალისტებს სტაჟირება გაიარონ ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებში.

ამ წლების განმავლობაში ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკებში სტაჟირება გაიარა 120 -ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა და ექიმმა.

აღსანიშნავია, რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ავსტრიელი სტუდენტებიც ასევე წარმატებით გადიან კლინიკურ სტაჟირებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკებში.

2020 წლიდან, მიუხედავად პანდემიისა, თსსუ-ს კლინიკურ დეპარტამენტებში სტაჟირებაზე ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის 22 სტუდენტი ჩამოვიდა.

2024 წლისთვის უკვე მიღებულია ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის 8 სტუდენტის განაცხადი თსსუ-ის კლინიკურ დეპარტამენტებში სტაჟირების გასავლელად.

ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2012 წლიდან წარმატებით ხორციელდება პროგრამა, რომლის ფარგლებში უცხოელი პროფესორების (მათ შორის ბევრი ავსტრიელი პროფესორია) 600-ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
Webster University Georgia-ს რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი - უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი, რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი გახდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად