„საქართველოს ბანკი“ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” კიდევ ერთი ნაკადის გადამზადების პროცესს აგრძელებს. მისი მიზანი, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერაა. პროგრამა ხუთდღიანია, ის 27 სექტემბერს დაიწყო და 1 ოქტომბერს დასრულდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელეს.
მათივე ინფორმაციით, პროგრამის მეექვსე ნაკადში 29 მეწარმე ქალი მონაწილეობს. ინიციატივის ფარგლებში ისინი თეორიული უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას შეძლებენ. პირველ დღეს პროგრამის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ბიზნესის წარმოების საწყისებზე, მეორე დღე დაეთმობა გაყიდვებსა და ციფრულ მარკეტინგს. მესამე დღეს მეწარმე ქალები ადამიანის უფლებებისა და მრავალფეროვნების საკითხებს გაეცნობიან. ასევე, გაიგებენ თუ რა არის ლიდერობა და გუნდის მართვა. პროგრამის მორიგი 2 დღე კი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ფინანსების მართვა; მარკეტინგი და კომუნიკაციები; ბიზნესის დაგეგმვა და ბიზნეს კომუნიკაცია.
„საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელის რუსუდან ბარათაშვილის განცხადებით, ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა კი ჩვენი ერთ - ერთი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე” უკვე მე-6 ნაკადს ვიღებთ. ხუთდღიანი პროგრამა მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ თეორიული ცოდნა გამოცდილი მენტორებისგან, რასაც სამომავლოდ მათი ბიზნესის განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის გამოიყენებენ. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, გაიცნონ და შეხვდნენ სხვა მეწარმეებსა და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს. წარმატებებს ვუსურვებთ მონაწილეებს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ქალთა გაძლიერების მიმართულებით პროექტებზე მუშაობას“ - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გენდერული თანასწორობის პროექტის მენეჯერის ია დუდუნაშვილის განცხადებით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის დახმარება, სრულიად მოიცავს საქართველოს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის.
“გაეროს განვითარების პროგრამა და შვედეთი მხარს უჭერენ საქართველოში თანაბარი შესაძლებლობების შექმნას ყველასთვის. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის დახმარება, საქართველოს სრულიად მოიცავს და ახალ შესაძლებლობებს ქმნის სოფლად მცხოვრები ქალებისთვის, ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. ეკონომიკაში ქალების ჩართულობის გაზრდა მნიშვნელოვანია, როგორც ქალთა გაძლიერებისთვის ასევე, საქართველოს საზოგადოებისა და ეკონომიკისთვისთვის“, - განაცხადა ია დადუნაშვილმა.
„ინფორმაციისთვის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 125 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამაზე მიღება წელიწადში საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე მოხვედრა 25 მეწარმეს შეუძლია. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს აერთიანებს. ესენია: თეორიულ განათლება, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.