ვახტანგ ძაბირაძე - „ედისონ რისერჩის“ გამოკითხვით, გახარიას გარეშე მთავრობას ვერ შექმნიან, მას აქვს ოქროს მანდატები და შეუძლია როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ივაჭროს

გახარიას აქვს ოქროს მანდატები, რასაც უკარნახებს გახარია ან ის უნდა მიიღონ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან მივდივართ რიგგარეშე არჩევნებზე, - მე თუ მაქვს ოქროს მანდატები, შემიძლია მოვითხოვო პრემიერის პოსტიც, უნდა ვივაჭრო „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც დამითმობს პრემიერის პოსტს, იმასთან გავაკეთებ კოალიციას, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ედისონ რისერჩის“ კვლევის შეფასებისას „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ რეალობაში კარგი იქნებოდა, რომ შეიქმნას კიდევ ერთი ძლიერი ცენტრი, რომელსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება.

როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, კვლევა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ „დასრულებაზე“ საუბარი ნაადრევია, თუმცა ერთპარტიული მმართველობის დასასრული აშკარაა.

„არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა და ველოდები, იმედი მაქვს, რომ პარტიათა მესამე ჯგუფში, არ ვგულისხმობ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, მოხდება გადაჯგუფება და იქ შეიქმნება უფრო ძლიერი ცენტრი რომლისთვისაც 5%-იანი ბარიერის დაძლევა არ იქნება პრობლემა.

ნაადრევია ჯერ ზეიმი, რომ „ქართული ოცნება“ დასრულებულია, ამომრჩეველთა 2/3 ოპოზიციურად არის განწყობილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ დასრულდა, იმიტომ რომ 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში, მხოლოდ 3 პარტია გადალახავს ბარიერს და თუ ამას გავითვალისწინებთ, გახარია იქნება გადამწყვეტი, ვინ შექმნის მთავრობას, ვისთან შექმნის და ვისთან არა. მას შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ ითანამშრომლოს ანუ საკუთარი პირობები წაუყენოს როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“. რატომაა დარწმუნებული „ნაციონალური მოძრაობა“, რომ გახარია მასთან შექმნის კოალიციას და არა „ქართულ ოცნებასთან“? მიუხედავად ამ განლაგებისა, ეს მაინც პოზიტიურია, იმიტომ, რომ ეს გამოკითხვა აჩვენებს, რომ ერთპარტიული მმართველობა საქართველოში სრულდება.

უკეთესი იქნება სხვა პარტიებმაც რომ გარანტირებულად გადალახონ ბარიერი, ამიტომ არის საჭირო კიდევ ერთი ძლიერი გაერთიანების შექმნა, სწორედ ოპოზიციურ ფლანგზე. პარლამენტი იქნება უფრო ჭრელი, მაგრამ მონოპოლია ხელისუფლებაზე არ ექნება არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს.

გახარიას გარეშე, ამ გამოკითხვით, მთავრობას ვერ შექმნიან. გახარიას აქვს ოქროს მანდატები, რასაც უკარნახებს გახარია, ან ის უნდა მიიღონ ან მივდივართ რიგგარეშე არჩევნებზე, დღევანდელი კონსტიტუცია ამას ლაპარაკობს. მე თუ მაქვს ოქროს მანდატები, შემიძლია მოვითხოვო პრემიერის პოსტიც, უნდა ვივაჭრო „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც დამითმობს პრემიერის პოსტს, იმასთან გავაკეთებ კოალიციას“,- განაცხადა ძაბირაძემ.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ - 37%; „გამარჯვების პლატფორმა“ - 22%; „საქართველოსთვის“ - 10%; „გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ - 4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 4%; „ლელო“ - 4%; „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 4%; „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 4%; „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ - 3%; „მოქალაქეები“ - 2%; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 1%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%; სხვა - <1%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო