ეკა გიგაური - ხელისუფლება უბრალოდ არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეიცვალოს - ძალიან საშიში ნიშნულისკენ მივიწევთ

ხელისუფლება უბრალოდ არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეიცვალოს - ძალიან საშიში ნიშნულისკენ მივიწევთ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდეს.

„რუსეთისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობენ, სასათბურე პირობებია. რუსეთს ჩვენი ხელისუფლება უფრო მეტად განიხილავს როგორც პარტნიორს და არა როგორც, სულ ცოტა, პრობლემატურ მეზობელს, გარდა იმისა, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერია. საუბარია პოლიტიკური ნების არარსებობაზე და იმაზე, რომ ხელისუფლება უბრალოდ არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეიცვალოს. უახლეს ისტორიაშიც კი გვქონია გამოცდილება, მათ შორის ღვინისა და მინერალური წყლის გატანასთან დაკავშირებით თუ რას ნიშნავს, რომ რუსეთმა ბაზარი დაგვიხუროს და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს სპეციალურად, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა პრობლემები ნახონ.

რომ დავუშვათ, რომ ანალიტიკური შესაძლებლობები არ აქვს ჩვენს ხელისუფლებას, შევხედოთ საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს - როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მაშინვე დაიწყეს ყველაფრის გაკეთება, რათა მათი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები შეწყვეტილიყო და რუსეთზე დამოკიდებულება შემცირებულიყო. ამას მაინც ხომ შეიძლება შეხედონ? მაგრამ ამას არ აკეთებენ. ძალიან საშიში ნიშნულისკენ მივიწევთ. სწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია, რუსეთზე დამოკიდებულება შევამციროთ, რაც შესაძლოა, რამდენიმე თვის ინტერვალში მოხდეს. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ მთავარია, რომ ეს გადაწყვეტილებები სასწრაფოდ იყოს მიღებული“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის შედეგებით, საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება. უფრო კონკრეტულად, როგორც კვლევაშია აღნიშნული, იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა