გია ხუხაშვილი - ძალიან მცირეა შანსი, „ოცნება“ ექსკლუზიურად დარჩეს ხელისუფლებაში, „ნაცმოძრაობა“ დაშლილია, ელექტორატის ნაწილი მელიას გადაჰყვება - გახარია კრეფს ამომრჩეველს, ამიტომ შეეცდებიან „ქოცმა“ „ნაცობა“ დააბრალოს და „ნაცმა“ „ქოცობა“

მე იმის პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მარტივად აიღოს უმრავლესობა. ძალიან მცირე შანსს ვხედავ, რომ ნორმალური არჩევნების პირობებში „ქართული ოცნება“ ექსკლუზიურად დარჩეს ხელისუფლებაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც Edison Research-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამომრჩეველს პოლიტიკური ბაზარი მანკიერ წარსულსა და მანკიერ აწმყოს შორის არჩევანს სთავაზობს, თუმცა გარკვეული დინამიკა გამოჩნდა გახარიასთან დაკავშირებით.

„ეს კვლევა მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში არის სტაგნაციის პერიოდი. ამომრჩეველი, ძირითადად, დისტანცირებულია კონკრეტული არჩევანისგან და ჯერჯერობით, პოლიტიკური ბაზარი მას მანკიერ წარსულსა და მანკიერ აწმყოს შორის ანუ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის სთავაზობს არჩევანს. ისინი რჩებიან კვლავ პოლუსებად. ერთადერთი ცვლილებაა, რომ გარკვეული დინამიკა გამოჩნდა გახარიასთან დაკავშირებით. დღეს ამომრჩეველში მოთხოვნადი არის ზუსტად ამ დახშული წრიდან გამოსვლა, წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანისგან. ისინი მომავლის არჩევანს ეძებენ. მომავლის არჩევანს ამომრჩევლისთვის კი სჭირდება პოლიტიკოსების თანაბარი დისტანცირება როგორც ერთისგან, ასევე მეორისგან. ამ პოზიციას მყარად იკავებს გახარია და მისი ჯგუფი. მათი ყველა განცხადება, მოქმედება იმის დემონსტრირებაა, რომ მათთვის მიუღებელია როგორც ერთი პოლიტიკური ცენტრი, ასევე მეორე. არცერთის ორბიტაზე არ მოიაზრებიან და დეფიციტური მოთხოვნაა ამ ტრენდზე. გახარიას აქვს თავისი პრობლემები და ყველამ ვიცით, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმდენად დიდია მომავლის არჩევანზე მოთხოვნილება, რომ ეს ჯგუფი კრეფს ამომრჩეველს. ეს ტენდენცია ასე გაგრძელდება, თუ არ გამოჩნდებიან სხვა ძალები, რომლებიც ამ დიდ ამომრჩევლის ბაზარზე გავლენ. ეს სეგმენტი არის დაახლოებით 40%-იანი. ამ სეგმენტზე მხოლოდ გახარია დარჩება თუ სხვა მოთამაშეებიც გამოჩნდებიან, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. ძირითადი მიზიდულობის ორი პოლიტიკური ცენტრი შეეცდება ეს არ დაუშვან. შეეცდებიან „ქოცმა“ „ნაცობა“ დააბრალოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალას და „ნაცმა“ „ქოცობა“, რაც ხდება ყველა ახალ პარტიასთან დაკავშირებით. გახარია ახერხებს, არცერთ მიზიდულობის ორბიტაზე არ ხვდება და ზუსტად ეს არის მისი წარმატების ფორმულა. თუ სხვაც მოახერხებს, მაშინ ის გახარიას გაუყოფს შესაბამის ხმებს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენას და „ქართული ოცნების“ მარცხს შიდა ფაქტორებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებიც განაპირობებს.

„რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც კვლევის მიხედვით 5%-იან ბარიერს არიან მიახლოებულები, თუ მათ გადალახეს ბარიერი, მაშინ მათი ხმები იქნება გადაუწყვეტელი ამომრჩევლისა და ლატენტური „ქოცებისა“ და „ნაცების“ ხარჯზე. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“, დღეის მდგომარეობით დაშლილია. ელექტორატის გარკვეული ნაწილი მელიას გადმოჰყვება. როგორ შემოვა თამაშში ნიკა მელია, ესეც გავლენას მოახდენს მომავალ პოლიტიკურ პროცესზე. დაჯგუფებასაც უნდა ველოდოთ. მე იმის პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მარტივად აიღოს უმრავლესობა. დინამიკა მის სასარგებლოდ არ იმუშავებს. მარტო შიდა ფაქტორები არ განაპირობებს „ოცნების“ გარდაუვალ მარცხს, უმრავლესობა ვერ აიღოს, გარე ფაქტორებიც განაპირობებს. თუ უკრაინაში ომი ისე განვითარდა, რაც ყველა პროგნოზით ჩანს, რუსეთის მარცხით და უკრაინის წარმატებით, მაშინ „ქართულ ოცნებას“ აქვს სერიოზული პრობლემები. დაიწყება სამყაროს ახლებურად გადანაწილება, რაც შიდა პოლიტიკაზეც სერიოზულ გავლენას ახდენს. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ადგილი ხელისუფლებაში აღარ იქნება. ოპოზიცია სულ რომ გაქრეს, სულ რომ არ არსებობდეს, ისინი ხელისუფლებაში მაინც ვერ დარჩებიან. ომის ფაქტორი ძალიან ძლიერ გავლენას მოახდენს. იმის ძალიან მცირე შანსს ვხედავ, რომ ნორმალური არჩევნების პირობებში, „ქართული ოცნება“ ექსკლუზიურად დარჩეს ხელისუფლებაში, თუმცა ვუშვებ იმას, რომ კოალიციის მსგავსში „ქართული ოცნება“ იყოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ - 37%; „გამარჯვების პლატფორმა“ - 22%; „საქართველოსთვის“ - 10%; „გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ - 4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 4%; „ლელო“ - 4%; „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 4%; „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 4%; „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ - 3%; „მოქალაქეები“ - 2%; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 1%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%; სხვა - <1%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო