ნინო თანდილაშვილი სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილი გამოწვევებისა და სარწყავი სისტემის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და სამხრეთ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალმა რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსიმ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე; საუბარი ასევე შეეხო მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნინო თანდილაშვილმა სამხრეთ კავკასიაში EBRD-ის ახალ რეგიონულ დირექტორს საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„დიდი გამოცდილების მქონე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ნარჩენების მართვის კუთხით თანამშრომლობაზე. ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტი, რომელიც სახიფათო ნარჩენების მართვას უკავშირდება. აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ სახიფათო ნარჩენების მართვა საზოგადოების ჯანმრთელობასთან, გარემოს დაცვასთან, სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე ღონისძიებებთან არის კავშირში. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების ეფექტიანი მართვა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. ჩვენს გუნდთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ; გვქონდა გარკვეული გამოწვევები, თუმცა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ყველაფერი გავაკეთეთ და დღეს პროცესი კარგად მიმდინარეობს. ერთი მხრივ, ეს არის ეროვნული საკითხი, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით. ღია ვართ ახალი შესაძლებლობების მისაღებად და პარტნიორობისთვის. იმედი გვაქვს, მომავალში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ახალმა რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსიმ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და განსაკუთრებული ყურადღება სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა. შეხვედრას EBRD-ის ასოცირებული დირექტორი თეა მელიქაძე და კლიმატის საკითხებში EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი კონსტანტინე კინწურაშვილი ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო