მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებიდან 6 თვის შემდეგ მიიღო. „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ავთანდილ წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთელი ინფორმაციას ადასტურებს და როგორც აცხადებს, უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე საქართველოში სამართალწარმოება დასრულდა.

ადვოკატის თქმითვე, ისინი მასალებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ამზადებენ.

„უზენაეს სასამართლოში, მოსამართლის მიერ წარმოებაში მიღებიდან ზუსტად 6 თვის თავზე, 15 სექტემბერს, მიღებული იქნა განჩინება აღნიშნული საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ამის თაობაზე რამდენიმე დღეში გვეცნობა და გადმოგვეგზავნა განჩინების ასლები. ჩვენთვის გასაკვირია, რომ სასამართლომ ეს საქმე განხილვის ღირსადაც არ ჩათვალა, ვინაიდან მიიჩნია, რომ ეს საქმე არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა, რათა უზენაეს სასამართლოს განეხილა. თუმცა, იქ ბევრი ფაქტორი იყო, რაც საჩივრებში მითითებული გვქონდა. ეს იყო თუნდაც, ამნისტირებულ მუხლთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანა, კვალიფიკაციის დაუსაბუთებლად შეცვლა, რომ არაფერი ვთქვათ მტკიცებულებათა არასაკმარისობაზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა განხილვაზე, თქვა, რომ ეს საქმე წარმოების გარეშე იქნას დატოვებული. აღნიშნულით საქართველოში სამართალწარმოება ამოიწურა. ჩვენ ყველა სამართლებრივ არგუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის, ვფიქრობთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის საკითხს, კონკრეტული ნაბიჯების შესახებ უახლოეს მომავალში გაცნობებთ“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში იქნენ დამნაშავედ ცნობილი, გასაჩივრებული ჰქონდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პროკურატურა ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას"ფულის გათეთრებაზე" და რეალური სასჯელის გამოტანას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ბადრი ჯაფარიძე, ავთანდილ წერეთელი და მამუკა ხაზარაძე დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლომაც ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
Webster University Georgia-ს რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი - უნივერსიტეტს აქვს პოტენციალი, რეგიონის საგანმანათლებლო ჰაბი გახდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად