სუს-ი - კრიზისებზე რეაგირების ეროვნული სწავლება წარმატებით დასრულდა

აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებული ეროვნული სწავლების მომდევნო ეტაპი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უმასპინძლა, წარმატებით დასრულდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილე ქართულმა ქვედანაყოფებმა ამერიკელი ექსპერტებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს.

„სწავლების მიზანს სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების გავრცელების წინააღმდეგ უწყებათაშორისი კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა წარმოადგენდა.

უწყებათაშორის სწავლებაში, რომელიც მოიცავდა საველე-პრაქტიკულ და TTX სამაგიდო სამეთაურო-საშტაბო კომპონენტებს, ჩართული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების 150-მდე წარმომადგენელი. სამაგიდო სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმაც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დახურვის ცერემონიაზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრში გაიმართა, სწავლების მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

,,სწავლების პროცესში ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საგანგებო სიტუაციების დროს ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას. მოხარული ვარ, ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა წარმატებით გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ მოვალეობას და აჩვენეს მომზადების მაღალი დონე“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა გიგა ნიკოლეიშვილმა.

„მსურს, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ პარტნიორებს იმ სამუშაოსთვის, რომელიც შესრულდა ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული რადიოლოგიური და ფეთქებადი საფრთხეების წინააღმდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნულ სფეროში ჩვენ გვაკავშირებს მტკიცე პარტნიორობა. ამასთან, მოხარული ვარ, რომ გავხდი ამ მნიშვნელოვანი პროგრამის დასრულების მოწმე, რომელიც გულისხმობდა იმ საფრთხეებთან გამკლავებას, რომელთა მინიმუმამდე დაყვანაც დღესდღეობით მსოფლიოში ყველას ინტერესებში შედის“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან ს. პერსელმა.

,,პროგრამა უკვე მესამე წელია გრძელდება და ამ დროის განმავლობაში უნარებისადა შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება იყო გასაოცარი. პარტნიორობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით ამერიკასა და საქართველოს შორის“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ჯოშუა სტრეიდერმა.

დასკვნით ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი თეიმურაზ მღებრიშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა და სწავლებაში მონაწილე უწყებების პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. ამერიკის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ ორგანიზებული სწავლება საქართველოში მეორედ გაიმართა.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა