გიორგი ამილახვარი სტრასბურგში ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სტრასბურგში მთავარი მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული მინისტერიალის 26-ე სესიაში სახელწოდებით -„განათლება გარდამტეხი ძალა: უნივერსალური ღირებულებები და სამოქალაქო განახლება“.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ამილახვარმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება თანამედროვე, სწრაფად განვითარებად სამყაროში ევროპული ქვეყნების საზოგადოებებისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით განათლების სამოქალაქო მისიის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მისი თქმით, დღეს სამყარო სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგას, რომელთა დაძლევისთვის განათლების განვითარების ხელშეწყობა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყოველთვის განსაკუთრებით უჭერს მხარს განათლების რეფორმას. გიორგი ამილახვარმა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად საზოგადოების ყველა წევრისთვის განათლებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაასახელა. მისი თქმით, დღეს სამინისტროს მთავარი მიზანი არის, საქართველოში თითოეული ადამიანისთვის უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ინკლუზიური, თანასწორი, ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო.

„როდესაც ვსაუბრობთ განათლებაზე აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი მთავარი სამოქალაქო მისია - უთანასწორობის აღმოფხვრა, მშვიდობის გამყარება და დემოკრატიის მხარდაჭერა, რაც დემოკრატიული კულტურისა და ღირებულებების გაძლიერებით და ადამიანის უფლებების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებით მიიღწევა.

განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე საუბრისას არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობის მიზანია, ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტების შესაბამისი განათლება, რაც ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს.

აქტიურად ვმუშაობთ განათლებისა და მეცნიერების სისტემაში უთანასწორობის აღმოფხვრაზე და თითოეული ინდივიდისთვის ფართო ასპარეზის შექმნაზე, სადაც მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის საშუალება ექნებათ. ჩვენი პრიორიტეტია, ახალგაზრდებმა შეიძინონ ის მნიშვნელოვანი ღირებულებები და უნარ-ჩვევები, რაც მათ, როგორც პიროვნულ, ასევე, პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.

ვაგრძელებთ და ვაძლიერებთ თანამშრომლობას დასავლეთთან – ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ განათლებისა სისტემა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსოფლიოს საზოგადოებისა და დემოკრატიული პრინციპების განვითარების საერთო საქმეში”, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა შეხვედრები ასევე გამართა პარტნიორი ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან.

„განათლების მინისტრების კონფერენცია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მიზანს ევროპაში განათლებისა და მეცნიერების სფეროების განვითარების კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება წარმოადგენს.

2023 წლის კონფერენციის თემა გახლდათ მსოფლიოში არსებული კრიზისული ვითარებისა და გამოწვევების პირობებში განათლების სამოქალაქო მიზნების განახლების მნიშვნელობა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერა. სტრასბურგში გამართულ კონფერენციაში 46-მდე ქვეყნის განათლების მინისტრი მონაწილეობდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - უახლოეს 2-3 თვეში არსებობს იმის შანსი, რომ თურქეთ-სომხეთის საზღვარი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და დიპლომატებისთვის გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
კახა ოქრიაშვილი - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაყინულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყინულია პერსპეტივა ქართველი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 4 500 ლარი გახდეს
კახა ოქრიაშვილი - 2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?