ლაშა ხუციშვილი - წლის ბოლოსთვის, მსოფლიო ბანკისგან „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან“ დაკავშირებით კვლევას ველოდებით - პროექტის წინასწარი შედეგები პოზიტიურია

წლის ბოლოსთვის, მსოფლიო ბანკისგან „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელთან“ დაკავშირებით კვლევას ველოდებით, თუ რა შედეგი ექნება ამას საქართველოს ეკონომიკისთვის და რა იქნება პროექტის მთლიანი ბიუჯეტი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტის წინასწარი შედეგები პოზიტიურია და პრაქტიკულად, მსოფლიოში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ დარჩა, რომელთაც ამ პროექტის დაფინანსების მიმართ ინტერესი არ გამოუხატავთ.

„ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორი მსოფლიო ბანკია, რომელსაც ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კომპანია ჰყავს დაქირავებული. წლის ბოლოსთვის, ბოლო ინფორმაციას, შესაბამის კვლევას ველოდებით, თუ რა შედეგი ექნება ამას საქართველოს ეკონომიკისთვის და რა იქნება პროექტის მთლიანი ბიუჯეტი. იცით, რომ ამ პროექტის უტილიზაცია არ მოხდება მხოლოდ საქართველოს და ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე. არსებობს შესაძლებლობა, რომ სხვა ქვეყნებიც საქართველოს გავლით, ამ პროექტს მიუერთდნენ. კვლევა ამ ნაწილსაც მოიცავს. ეს მეტად მომგებიანს და პროდუქტიულს გახდის მას. ჩვენს ინტერესებშიც არის, რომ ასეთი ტიპის კვლევა განხორციელებულიყო. მსოფლიო ბანკისგან ვადები რაც გვაქვს, ეს არის მიმდინარე წლის ბოლო, როდესაც უნდა გვქონდეს, როგორც ტექნიკურ ნაწილზე შესაბამისი კვლევა, ასევე ფინანსურ, ხარჯვით ნაწილზეც. [გვეცოდინება] დაახლოებით რა დაჯდება, რა მომგებიანობა ექნება პროექტს. ამ პროექტის წინასწარი შედეგები საკმაოდ პოზიტიური იყო. სწორედ ამის შემდგომ, ის ფინანსური მოდელიც ჩამოყალიბდება, რითაც პროექტი განხორციელდება. ბუნებრივია, ამაში ძალიან ბევრი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იქნება ჩართული. პრაქტიკულად, დღეს, მსოფლიოში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ დარჩა, რომელთაც ამ პროექტის დაფინანსების მიმართ ინტერესი არ გამოუხატავთ. შესაბამისად, დაფინანსების მოდელი როგორ იქნება, ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც ქვეყანა აღნიშნულ კვლევას მიიღებს. თუ იმის საჭიროება იქნება, რომ 2024 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯები გაიწეროს, ასეთი ცვლილებები ბიუჯეტში აისახება. თუმცა, დამოკიდებულია ბიზნეს მოდელზე. თეორიულად არის ისეთი მოდელებიც, რომ გარკვეული კონსორციუმი შეიქმნას და სხვადასხვა ქვეყნისა და მარეგულირებლების მონაწილეობით განხორციელდეს. შესაძლებელია, ეს ის მოდელი არ იყოს, რომელიც თანხის პირდაპირ ბიუჯეტიდან გადახდას ითვალისწინებს. თუმცა ყველა ასეთი ცვლილება ბიუჯეტში ასახული იქნება. ამიტომ, ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების, მათ შორის, ევროკავშირის როლი, ვინაიდან მეორე მხარის წევრები ევროკავშირის ქვეყნები არიან. საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაში ეს პროექტი რამდენიმე წელია, რაც საფლაგმანო და პრიორიტეტულ პროექტად არის წარმოდგენილი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე ანაკლიის პორტის განვითარებისთვის 2024 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტში რა ოდენობის თანხა იყო გამოყოფილი, ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ანაკლიის განვითარებისთვის თანხა არ არის გათვალისწინებული, თუმცა, ოქტომბრის ბოლოს წარდგენილ ბიუჯეტის დაზუსტებულ ვერსიაში მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსებს გაითვალისწინებს.

„მიმდინარე წარდგენილ ბიუჯეტში არ იქნება ასახული, თუმცა ოქტომბრის ბოლოს, როდესაც მეორე წარდგენა იქნება და უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება ამ მიმართულებით, რა თანხებიც იქნება საჭირო 2024 წელს დასახარჯი, სრულად იქნება ასახული. დაახლოებით ერთი თვის პერიოდია იმისთვის, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გვქონდეს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო