ლაშა ხუციშვილი - დამიჯერეთ, არავისთვის იქნება მომგებიანი საფინანსო სექტორში გარკვეული დაძაბულობის, თუ აჟიოტაჟის შეტანა - ეს დააზიანებს როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ოპოზიციასაც

დამიჯერეთ, არავისთვის იქნება მომგებიანი საფინანსო სექტორში გარკვეული დაძაბულობის, თუ გარკვეული აჟიოტაჟის შეტანა. ეს დააზიანებს, როგორც საქართველოს, საქართველოს მთავრობას, ასევე მათ შორის, ოპოზიციასაც, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, როგორც ვაჭრობის ნაწილში, ისე საფინანსო ნაწილში სანქციების შესრულება გაგრძელდება.

„ამ პროცესში მთავარი არის ის, რომ საქართველო [ნათია თურნავას] ბრძანებამდე და ბრძანების შემდეგაც ასრულებდა საერთაშორისო სანქციებს და მომავალშიც შეასრულებს. ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება ჩვენს პოლიტიკაში არ იქნება. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სანქციების შესრულება. როგორც ვაჭრობის, ისე საფინანსო ნაწილში სანქციების შესრულება გაგრძელდება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია , რაც შეიძლება პარტნიორებამდე მივიტანოთ. მნიშვნელოვანია, რომ თუ რაიმე შეკითხვა იქნება კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე და თუ გარკვეულ შეშფოთებებს საჯაროდ მოვისმენთ, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო მზად არის ყველა ამ კითხვას გასცეს პასუხი.

კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ, რომ არც ბრძანების მიღებამდე და არც შემდეგ, საქართველოში საერთაშორისო სანქციები არ ირღვეოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, პარტნიორებისთვის, საფინანსო სექტორისთვის. ყველას მოგიწოდებთ, რომ კონცენტრაცია გავაკეთოთ ამ თემაზე. დამიჯერეთ, არავისთვის იქნება მომგებიანი საფინანსო სექტორში გარკვეული დაძაბულობის, თუ გარკვეული აჟიოტაჟის შეტანა. ეს დააზიანებს, როგორც საქართველოს, საქართველოს მთავრობას, ასევე მათ შორის, ოპოზიციასაც. მესმის, ოპონენტებს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ, თუმცა არის თემები, რასთან მიმართებაშიც შეიძლება იყო მთავრობასთან ოპოზიციაში, თუმცა არ უნდა იყო სახელმწიფოსთან ოპოზიციაში. განცხადებები, ძალიან ბევრი ბრიფინგი სიცრუე იყო. მიმართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ და არა მთავრობის წინააღმდეგ. ვკონცენტრირდეთ მნიშვნელოვან თემებზე, გავუფრთხილდეთ საფინანსო სექტორს, მის რეპუტაციას“,- აღნიშნა ხუციშვილმა.

გარდა ამისა, მინისტრმა სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო მუდმივად იყო და ახლაც არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დიალოგში.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჩვენი პარტნიორია, რომელთანაც მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. სწორი იქნება, თუ ვიტყვით, პროგრამის მიმოხილვის შეჩერებას. ეს ახალი ამბავი არ არის, ეს იყო მას შემდეგ, რაც ცვლილებები განხორციელდა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში, ჩვენ ვიყავით და ვართ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დიალოგში. მიმდინარეობს პარამეტრების გაცვლა, რა პარამეტრებზეც შეთანხმებული ვიყავით. ეს არის სამუშაო პროცესი. როდესაც 3-წლიანი პროგრამა იწყება, მასში ცვლილებები შედის, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ხშირად ხდება. წინა 4-წლიანი პროგრამის შემთხვევაშიც უამრავი ცვლილება განიცადა პროგრამამ დასაწყისიდან დასრულებამდე, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები აისახოს ამ პროგრამაშიც, ერთად ჩატარდეს შემდგომი მიმოხილვა. კომუნიკაცია გვაქვს, როგორც აქამდე გვქონდა, ყველა პარამეტრის და მოსაზრების გაცვლა ხდება. ყველა ის ნიშნული, რაც პროგრამის ფარგლებში იყო დაგეგმილი იმის შესაბამისად სრულდება, ამ ნაწილში არსებითი გავლენა არ ექნება პროგრამის შეჩერებას საქართველოს ეკონომიკაზე, ასევე იმ პარამეტრებზე, რა პარამეტრებშიც პროგრამის ფარგლებში ვიყავით შეთანხმებული. უმჯობესია, ეს პროცესი მალე დასრულდეს, საუბარია მეორე და მესამე მიმოხილვის განხორციელებაზე. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პროცესი მალე დასრულდეს“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის - რა სიახლეებს უნდა ელოდონ საპენსიო სქემის მონაწილეები
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024