თინა ბოკუჩავა - Edison Research-ის კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ მოსახლეობის 70%-მდე ოპოზიციურადაა განწყობილი - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ოპოზიციურმა პარტიებმა კაპიტალიზება სწორედ ამაზე უნდა მოახდინოს

Edison Research-ის კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ მოსახლეობის 70%-მდე ოპოზიციურად არის განწყობილი - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ოპოზიციურმა პარტიებმა კაპიტალიზება სწორედ ამაზე უნდა მოახდინოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა სანდო კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანთა რიცხვი პროსახელისუფლებო რესურსს აღემატება.

„სწორედ ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებამდე არა ერთ ან ორი თვით ადრე, არამედ ერთი წლით ადრე საარჩევნო შტაბს ქმნის. გამოვკვეთეთ შტაბის ხელმძღვანელი და აქტიურ მუშაობას ვიწყებთ იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების კონსოლიდაცია მოვახდინოთ, რომელიც პროსახელისუფლებო რესურსს გაცილებით აღემატება.

ყველაზე მნიშვნელოვანია ამომრჩეველში გამარჯვების რწმენის გაჩენა - რა წამს გამარჯვებას ირწმუნებენ, მოხდება მათი ხმების კონსოლიდაცია რუსული რეჟიმის დასამარცხებლად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ტელეკომპანია “ფორმულამ“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ - 37%; „გამარჯვების პლატფორმა“ - 22%; „საქართველოსთვის“ - 10%; „გირჩი მეტი თავისუფლება, დროა“ - 4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 4%; „ლელო“ - 4%; „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 4%; „გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 4%; „კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო“ - 3%; „მოქალაქეები“ - 2%; „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 1%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%; სხვა - <1%. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო