2024 წლის ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტის თანახმად, განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება 470,0 მლნ ლარზე მეტით გაიზრდება

მომავალი წელს, განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება 470,0 მლნ ლარზე მეტით გაიზრდება - 2024 წლის ბიუჯეტით, განათლების სამინისტროს ასიგნება 309,2 მლნ ლარით მეტი იქნება, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება კი 460,0 მლნ ლარით განისაზღვრება.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტის თანახმად, გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებელთა, ასევე, საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ანაზღაურების ზრდა.

„სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა ანაზღაურების სისტემის რეფორმაზე და ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარმოდგენამდე სამინისტრო დეტალურად გააცნობს მასწავლებლებს და საზოგადოებას აღნიშნული რეფორმის შედეგებს; გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 350,0 მლნ ლარზე მეტი; საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225,0 მლნ ლარზე მეტი; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100-ლარიანი ზრდა.

კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 850,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 460,0 მლნ ლარი“, - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში.

რაც შეეხება კერძოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებას, ის 2 340,0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 309,2 მლნ ლარით (ბიუჯეტის ცვლილების პროექტთან შედარებით იზრდება 262,2 მლნ ლარით).

მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე: სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1 527,0 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 186,0 მლნ ლარით.

„70,0 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის, ხოლო 50,0 მლნ ლარი პირველკლასელთა კომპიუტერებით უზრუნველსაყოფად; პროფესიული განათლება - 98,0 მლნ ლარი; უმაღლესი განათლება - 162,4 მლნ ლარი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 78,2 მლნ ლარი; ინკლუზიური განათლება - 56,2 მლნ ლარი;

ინფრასტრუქტურის განვითარება - 326,4 მლნ ლარი. მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 249,0 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გამოყოფილია 365,0 მლნ ლარზე მეტი); პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 62,4 მლნ ლარი (მათ შორის, გათვალისწინებულია „პროფესიული განათლება I (KFW) პროგრამის და თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - პროექტი (ADB) ფარგლებში განსაზღვრული სახსრები); უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება - 15,0 მლნ ლარი“, - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, 2024 წლის ბიუჯეტით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 460,0 მლნ ლარით, მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე: სახელოვნებო და სასპორტო სფეროში უმაღლესი განათლება -19,6 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარება - 50.0 მლნ ლარი; სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა - 7,8 მლნ ლარი; კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 97,9 მლნ ლარი; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა - 40,2 მლნ ლარამდე; მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია - 180,1 მლნ ლარი; კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებები - 46,4 მლნ ლარი; ახალგაზრდობის ხელშეწყობა - 8,0 მლნ ლარი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო