ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს უფრო უსაფრთხო და სტაბილური

ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს უფრო უსაფრთხო და სტაბილური, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისიაში ამჟამად მუშაობს 325 თანამშრომელი: 213 დამკვირვებელი ევროკავშირის 25 წევრი სახელმწიფოდან და 112 ქართველი კოლეგა.

„25 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი ეს დიდი წარმომადგენლობა უნიკალურია, რადგან ჩვენ ვართ ევროკავშირის ყველაზე მეტი ეროვნებით წარმოდგენილი, ევროკავშირის სამოქალაქო მისია. ეს ადასტურებს ჩვენი მისიისადმი ერთგულების მაღალ დონეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში.

უკვე 15 წელია, ჩვენ ხელს ვუწყობთ საომარი მოქმედებების განუახლებლობის უზრუნველყოფას, ადგილზე 24/7-ზე ჩვენი დაკვირვების მეშვეობით. განსაკუთრებით ორი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ანუ ABL-ის გასწვრივ.

ჩვენი დამკვირვებლები ლურჯ ჟილეტებში და ჩვენი ლურჯი მანქანები ევროკავშირის დროშებით არის თვალსაჩინო და ცნობილი. ამას ჰქონდა და ახლაც აქვს პრევენციული ეფექტი: მხარეებმა იციან, რომ ჩვენ იქ პატრულირებას ვაწარმოებთ და შეგვიძლია მათი მონაწილეობით ნებისმიერი აქტივობის დადასტურება.

დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 15 პატრულირებას ვაწარმოებთ, ანუ კვირაში დაახლოებით 100 პატრულირებას. 2008 წლის 1 ოქტომბრიდან ჩვენ უკვე ჩავატარეთ 86000-ზე მეტი პატრულირება.

შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა უფრო სტაბილურია, ვიდრე უშუალოდ ომის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტები უშუალოდ ომის შემდეგ ხშირი იყო, მდგომარეობა ამჟამად შედარებით სტაბილურია, ინციდენტების დაბალი რისკით.

თითქმის 600 დღის წინ რუსეთმა განახორციელა არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ ომს აქვს მრავალი გავლენა საქართველოში უსაფრთხოების გარემოზე, ჩვენ აქამდე არ დაგვიფიქსირებია რაიმე მნიშვნელოვანი გაუარესება უსაფრთხოების კუთხით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ.

თუმცა, სიტუაცია რჩება მყიფე და ჩვენ უნდა სათანად შევაფასოთ ეს შედარებითი სტაბილურობა, რადგან ყოველთვის არის უარყოფითი განვითარების გარკვეული პოტენციალი. სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, როგორც ეს ახლახან ვნახეთ მეზობელ ქვეყნებში.

რეგიონში არსებული არასტაბილური უსაფრთხოების გარემო მოითხოვს, რომ ყველა აქტორმა გამოავლინოს პასუხისმგებლობის დამატებითი დონე ინციდენტების ან პოტენციური ესკალაციების თავიდან ასაცილებლად. ჩვენი მხრიდან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ვითარებაზე დაკვირვებას ყოველგვარი შეფერხების გარეშე და რეგულარულ კავშირს ვინარჩუნებთ ყველა მხარესთან“,-განაცხადა დიმიტრიოს კარაბალისმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო