ირაკლი კობახიძე - დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება - არ დავუშვებთ არც რევოლუციას და არც მეორე ფრონტს

ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება - არ დავუშვებთ არც რევოლუციას და არც მეორე ფრონტს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებთან დაკავშირებით.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სცენარი რა არის - არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი - მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი.

ამასთან, კობახიძის თქმით, როგორც ჩანს, ეს მიზანი ჯერ კიდევ არ არის განელებული.

„ მე ვუყურე სუსი-ის ბრიფინგს. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ადამიანები თავიდან ცდილობდნენ დაემალათ მათი ვიზიტის რეალური მიზანი. საუბრობდნენ იმაზე, რომ თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, ტრენინგები და რეალურად, გაირკვა, რომ მათი მიზანი იყო რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა ჩვენ ქვეყანაში,რაც, ბუნებრივია, შემაშფოთებელია. მით უფრო შემაშფოთებელია, რომ როგორც გაირკვა ეს ყველაფერი ფინანსდება აშშ-ს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ეწოდება USAD, აბრევიატურის პირდაპირი თარგმანი არის ამერიკის დახმარება და მე მგონი, ეს არ არის ამერიკის დახმარება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი,რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება. ჯერ იყო, გახსოვთ,აკერმანის ტრენინგები, მერე იყო „ფრანკლინის კლუბი“, არაერთი სხვა აქტივობა, ექსტრემისტული ძალების სხვადასხვა სახის აქტივობები. ახლა, ვხედავთ ასეთი სახის ტრენინგს, სადაც პირდაპირ საუბარია რევოლუციურ პროცესებზე. სწორად აღინიშნა, რომ ამ ტრენინგების სათაური არის არაძალადობრივი აქტივობა, თუმცა სინამდვილეში ნახეთ, რომ აქ საუბარია პირდაპირ ძალადობრივ მეთოდებზე, რომლებიც რევოლუციის მოწყობის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული. სცენარი რა არის- არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი უკვე ყველამ ვიცით, რაც არის, ეს არის მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მიზანი ჯერ კიდევ არ არის განელებული, აქტუალობა მას აქვს შენარჩუნებული. აქედან გამომდინარე, ვხედავთ,რომ იგეგმება ასეთი პროცესები. გავიმეორებ, განსაკუთრებით, სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან დაგვჭირდება განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ, გავუფრთხილდებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და არავის არ ავარევინებთ ამ ქვეყანას. არ დავუშვებთ არც რევოლუციას და არც მეორე ფრონტს“ , - განაცხადა კობახიძემ

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და "მტკიცებულებების ნაწილს" ასაჯაროებს.

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-ი სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროვებს.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი