სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი შოვსა და გურიაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილი შოვსა და გურიაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

როგორც მათ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით „გამოძიებას კვალიფიკაცია არასწორად აქვს მინიჭებული“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაგივრად, მას გენერალური პროკურატურა უნდა იძიებდეს.

„ბოლო 2 თვის განმავლობაში განვითარებულმა მასშტაბურმა სტიქიურმა მოვლენებმა გურიაში და რაჭაში, 40-ამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დღემდე არ გვაქვს პასუხები იმ მნიშვნელოვან კითხვებზე, რომლებიც მათ უკავშირდება. არ ვიცით, როგორ მიმდინარეობს გამოძიება და რაც ზედაპირზე ჩანს, სახელმწიფოს ეფექტიანი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ამ ტიპის ტრაგედიები მომავალში არ მოხდეს და მათზე რეაგირება დროული, ეფექტიანი იყოს, არ გააჩნია. მთავარი კითხვები გამოძიების ნაწილში ისმის, როგორ მიმდინარეობს და რა კვალიფიკაცია აქვს გამოძიებას. ბევრი კითხვები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ კვალიფიკაცია არასწორადაა მინიჭებული. ასევე, მიგვაჩნია, რომ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უნდა იძიებდეს. ის გენერალურ პროკურატურას უნდა გადაეცეს", - განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნინო ქურდოვანიძემ

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატის, ანა თავხელიძის განცხადებით, „გამოძიება პოლიტიკოსების, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების გამყარების მიზნით მიმდინარეობს“.

„ადვოკატებისთვის საქმის მასალებზე წვდომა პრობლემად რჩება. არ გვაქვს ასლებზე წვდომის შესაძლებლობა, რაც უფლებას გვიზღუდავს, გვქონდეს გონივრული დრო მასალების გასაცნობად და გასაანალიზებლად. ამავდროულად, გამოძიების ხარისხია პრობლემური. ჩვენ ორჯერ გავეცანით საქმის მასალებს და ჩვენი შეფასებით, პრობლემად რჩება წინასწარ განწყობებით გამოძიების წარმოება. გამოძიება პოლიტიკოსების, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების გამყარების მიზნით მიმდინარეობს. მათ შორის გახსოვთ, ბოლოს მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს რომელიმე ადამიანის გადარჩენა გამორიცხული იყო. სისხლის სამართლის საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას არ იძლევა. უბრალოდ არ არსებობს საქმეში მტკიცებულებები, რაც ამ საკითხის შეფასების საშუალებას მოგვცემდა. ასეთი არის ორი მტკიცებულება: პირველი, რა მდგომარეობაში, როდის და როგორ იპოვეს გარდაცვლილები. ამ მიმართულებით ბევრი ხარვეზია, არ არის სათანადო დასურათება, შესაბამისი დოკუმენტაცია. და მეორე, არ არის ჩატარებული ყველა გარდაცვლილთა ექსპერტიზა, რაც გარდაცვალების მიზეზს და დროს დაადგენდა. ამ ტიპის შეფასებების გაკეთება ნიშნავს, რომ გამოძიება გავლენის ქვეშაა, მიკერძოებულია და შესაბამისად, მაღალი მოლოდინის იმის, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარდება არ გვაქვს", - განაცხადა ანა თავხელიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო