იაგო ხვიჩია - სუს-მა არარსებული მტერი გამოიგონა და საკუთარ თავს საქმე მოუძებნა

არარსებული მტერი გამოიგონა სუს-მა და საკუთარ თავს მოუძებნა საქმე, რომ ამ "მტრებმა" ვერ მოუწყონ არარსებული და არშემდგარი რევოლუცია - ეს არის ანტიამერიკული კამპანიის ნაწილი , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ სუს- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება არარსებულ მტრებს მაშინ იგონებს, როცა პრობლემები ექმნება.

"ზოგადად, უშიშროების სამსახურების მოვალეობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იყო ის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლებაში არსებული ძალები და მას მოაშოროს კონკურენტები. როცა ხელისუფლებას რაღაც პრობლემები ექმნება, საჭიროა ახალი მტრების გამოგონება, რომ გადავიდეს არა საქმის კეთებაზე, არამედ იმაზე, თუ ეფექტურად ებრძვიან არარსებულ მტრებს. ასეთი არარსებული მტერი გამოიგონა ახლა სუსმა და საკუთარ თავს მიუძებნა საქმე, რომ ამ „მტრებმა“ ვერ მოუწყონ არარსებული და არშემდგარი რევოლუცია. ამ არარსებულ მტრებთან ბრძოლაში ისინი მიიღებენ პრემიებს, მოგეხსენებათ, სუს- ის დაფინანსება იზრდება.

ეს არის ანტიამერიკული კამპანიის ნაწილი, სადაც ამერიკულ ინსტიტუტებს სახელი უნდა გაუტყდეთ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამით ამერიკელ პარტნიორრბთან ვიფუჭებთ საქმეს და არა იმაში, რომ "იუესაიდი" ან მანამდე იყო ან ამის მერე გახდება რევოლუციური იდეების მხარდამჭერი ან ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები მოახერხებენ რევოლუციის მოწყობას. რევოლუციას ახდენს ხალხი და ჩემი კოლეგებიც, სუსიც, ხელისუფლებაც ხელს უშლიან. გაერკვნენ, თუ რა პრინციპების საფუძველზე უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ არის მოწყობილი ისტერია ამ არარსებულ ამბებზე", - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და "მტკიცებულებების ნაწილს" ასაჯაროებს.

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო