შს მინისტრის მოადგილე - მანიფესტაციაზე აკრძალულია ალკოჰოლი, ესეც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა?! აუცილებელია პოლიციას ჰქონდეს ბერკეტი, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი დაიცვას

მანიფესტაციაზე აკრძალულია ალკოჰოლი, ესეც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა?! - სუს-ი ამბობს, რომ შეიძლება მომხდარიყო კარვების გამოყენება არეულობის მოსაწყობად, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება და ახალი ამკრძალავი ნორმები ამოქმედდება.

მისი თქმით, აუცილებელია პოლიციას ჰქონდეს ბერკეტი, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი დაიცვას.

„თქვენ კარგად ნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ შეიძლება მომხდარიყო კარვების გამოყენება არეულობის მოსაწყობად და ა.შ. თუ კანონპროექტს ჩავხედავთ, იქ გაწერილია ლეგიტიმური მიზნები, რა შემთხვევაში შეიძლება მიეცეს პოლიციას უფლება, რომ შეზღუდოს კარვის ქონა. აქ არ წერია ის, რომ მთლიანად იკრძალება. კონკრეტულ შემთხვევაში, როცა საფრთხისშემცველია კარვის ქონა ვინმეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ან მაგალითად პოლიციას ხელი ეშლება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში, ან კარვების მეშვეობით ხდება მნიშვნელოვნად საწარმოს ან დაწესებულების ფუნქციონირების შეფერხება ან საერთოდ არ არის კარვის არსებობა დაკავშირებული შეკრება მანიფესტაციასთან, ამ შემთხვევაში ეძლევა პოლიციას უფლებამოსილება, რომ შეუზღუდოს კარვით სარგებლობა, თუმცა, ეს ყველაფერი წარდგენილი იქნება სასამართლოზე და სასამართლო განიხილავს პოლიციის გადაწყვეტილებას, იყო ის ლეგიტიმური თუ არ იყო ლეგიტიმური და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ეს კანონპროექტი სრულად შესაბამისობაშია კონსტიტუციის ნორმებთან, ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და შეშფოთების მიზეზი არ არის. ასეთი ტენდენციაა, რომ როცა კანონპროექტზეა საუბარი, საუბრობენ, რომ ეს არის ცუდი კანონპროექტი. ჩავიხედოთ შიგნით, რა წერია. რატომ ვხედავთ რაღაც შეზღუდვას? დღესაც არის შეზღუდული მაგალითად, ის, რომ მანიფესტაციის დროს არ შეიძლება გქონდეს ისეთი საშუალებები, რომელიც ადვილად აალებადია. მაგალითად, აკრძალულია ალკოჰოლური სასმელი, ეს შეზღუდვაა გამოხატვის თავისუფლების?!“ - განაცხადა დარახველიძემ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო