მინისტრის მოადგილის განმარტებით, მთავრობისგან დახმარებას მხოლოდ ის მევენახეები მიიღებენ, რომლებსაც სეტყვის შედეგად ყურძენი სრულად დაუზიანდათ და ვენახი დაზღვეული არ ჰქონდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, თენგიზ ნასარიძის განცხადებით, მთავრობისგან დახმარებას მხოლოდ ის მევენახეები მიიღებენ, რომლებსაც სეტყვის შედეგად ყურძენი სრულად დაუზიანდათ და და ვენახი დაზღვეული არ ჰქონდათ.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სეტყვის შედეგად დაახლოებით, 6 ათას ჰექტრამდე ვენახის ფართობი იქნა დაზიანებული.

„მოგეხსენებათ, რთველი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია შესული. საკმაოდ წარმატებულად და ორგანიზებულად მიმდინარეობს პროცესი. დღეისათვის, გადამუშავებულია, დაახლოებით, 180 ათასი ტონა ყურძენი. 13 ათას მევენახეს ყურძენი უკვე ჩაბარებული აქვს. მათი შემოსავალი, დაახლოებით, 200 მილიონი ლარია. თუმცა, სამწუხაროდ, პარალელურად ამ პროცესისა, ბოლო პერიოდში გააქტიურებულმა სტიქიურმა მოვლენებმა, ამ დარგსაც მიაყენა სერიოზული ზიანი. 2 სექტემბრის და 17 სექტემბრის სეტყვის შედეგად, დაახლოებით, 6 ათას ჰექტრამდე ვენახის ფართობი იქნა დაზიანებული. ამ ფართობიდან, საბედნიეროდ, გარკვეული რაოდენობა, თითქმის ნახევარი, იყო დაზღვეული, რაც ძალიან კარგია, თუმცა, გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით, დანარჩენი ფართობის მესაკუთრეებს ვენახი დაზღვეული არ ჰქონდათ, შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავებულია მექანიზმი, რათა ყველა მევენახე, ვისაც სრულად დაუზიანდა ყურძენი, ერთ ჰექტარზე 3500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომა იქნება მათთვის. მიზნობრივად უნდა მოხდეს ამ თანხის გამოყენება ვენახის მოვლის საშუალებებში, რათა მევენახეებმა შეძლონ საქმიანობის გაგრძელება, ვენახის გადარჩენა და შემდგომში აქტიური წვლილის შეტანა იმ მნიშვნელოვან პროცესში, რასაც ქართული მევენახეობის განვითარება ჰქვია“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთადერთი ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი სტაბილური სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის არის აგროდაზღვევა და მოუწოდა ფერმერებს ისარგებლონ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო