არჩილ თალაკვაძე - შემაშფოთებელია, როცა ჩამოყვანილი პირები ახალგაზრდებს პირდაპირ ასწავლიდნენ, როგორ გამოიწვიონ ძალადობრივი მეთოდებით დესტაბილიზაცია - "კანვასმა“ ამ ყველაფერს უნდა უპასუხოს სასამართლოში

საჭიროა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს: იქ, სადაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იკვეთება, სასამართლოში, ხოლო იქ, სადაც განმარტებებია საჭირო, გამჭვირვალედ უნდა იყოს განმარტებული თითოეული ნიუანსი, რომელზეც ორგანიზაცია თუ მისი ტრენერები საუბრობდნენ , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა.

"კანვასმა ამ ყველაფერს უნდა უპასუხოს სასამართლოში, სადაც გამოძიების კონკრეტული მტკიცებულებები იქნება წარდგენილი. საჯაროდ ვნახეთ და მართლაც შემაშფოთებელია, როცა ჩამოყვანილი პირები ახალგაზრდებს პირდაპირ ასწავლიდნენ, როგორ გამოიწვიონ ძალადობრივი მეთოდებით დესტაბილიზაცია, ეს ბუნებრივია მიმართულია ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოების წინააღმდეგ და არავითარი კავშირი ამას არც თავისუფლებასთან, არც მშვიდობასთან და ევროპულ მომავალთან არ აქვს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და "მტკიცებულებების ნაწილს" ასაჯაროებს. სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-ი სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო