პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ორი უწყების ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მანდატურის სამსახურის ანგარიში დეპუტატებს სამსახურის უფროსმა სოფო აბულაშვილმა წარუდგინა.

მომხსენებელმა უკვე განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მანდატურის სამსახური 2010 წლიდან ფუნქციონირებს. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის, 1801 მანდატური უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, საქართველოს მასშტაბით, 719 სკოლაში ახორციელებს.

სოფო აბულაშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგად გაძლიერდა სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების კომპონენტი.

მისივე თქმით, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით 10 ლოკაციაზეა განთავსებული: თბილისში, თელავში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდსა და ახალციხეში. 2024 წლისთვის კი ცენტრი გაიხსნება გურიის რეგიონშიც. ცენტრის საქმიანობაში ჩართულები არიან სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და ფსიქიატრები.

„მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებში ნდობის ფაქტორი არის მნიშვნელოვნად აწეული. თუ 2021-2022 სასწავლო წლებში, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში მიმართვიანობა წლის განმავლობაში 2414 იყო, უკვე 2022-2023 წლებში, აღნიშნული რაოდენობა გაორმაგდა და 4829-ს აღწევს", - განაცხადა სოფო აბულაშვილმა.

მომხსენებლის ინფორმაციით, მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს მანდატურის სამსახურის ფუნქციების გაფართოება. კერძოდ, უკვე მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც, სამსახურს ემატება მესამე, ინკლუზიური განათლების კომპონენტი.

სხდომაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს სააგენტოს დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა გააცნო.

მომხსენებელმა საჯარო სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების მიმართულებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტის პირველ ეტაპზე მიმდინარეობს 80 ახალი სკოლის მშენებლობა და 200 სკოლის რეაბილიტაცია.

მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 40 საჯარო სკოლას. მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება 3 საჯარო სკოლის მშენებლობა და 5 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

პროფესიულ მიმართულებაზე საუბრისას მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დასრულებულია 3 პროექტი და მიმდინარეობს 4 პროფესიული კოლეჯის მშენებლობა.

ლევან სუხიტაშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებითა და საოფისე ნივთებით აღჭურვაზეც ისაუბრა.

„საქართველოში გვაქვს 2080 სკოლა, საიდანაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 50% - ის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვაქვს ბევრი გამოწვევა, მაგრამ ვგეგმავთ, რომ 2027 წლისთვის ამ მიმართულებით პრობლემა ქვეყანაში აღარ იყოს", - განაცხადა ლევან სუხიტაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო