შემაშფოთებელია, რომ თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების შეზღუდვის მზარდი ტენდენცია კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გრძელდება, - ამის შესახებ განცხადებას საია ავრცელებს.
საია ეხმაურება „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მიზანი სამოქალაქო უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვაა, რაც გამოიწვევს ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის სივრცის შევიწროებას.
შედეგად კი, ეს პირდაპირ მოახდენს გავლენას ქვეყნის დემოკრატიის, შესაბამისად, ადამიანების კეთილდღეობის ხარისხზე.
„2023 წლის დასაწყისიდან დღემდე განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია ცდილობს სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების სივრცე კიდევ უფრო ინტენსიურად სხვადასხვა მეთოდით შეავიწროოს. ეს გამოიხატებოდა, მათ შორის, ინიცირებული რუსული კანონით; არსებითად მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოიყენებით; სხვადასხვა დროს დემონსტრანტების მასობრივად უსაფუძვლო ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკით, როგორც თბილისში, ისე, რეგიონებში; მათ შორის, ვიხილეთ, ასევე, თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით დაკავებული უფლებადამცველები, რომლებსაც სასამართლომ 27 სექტემბერს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობადააკისრა.
იმ პირობებში, როდესაც ზემოთ მოყვანილი მაგალითებისა თუ სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ნათელია, რომ თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის არსებული მდგომარეობა ქვეყანაში მზარდად რეპრესირებადია, ასევე, იმ პირობებში, როდესაც 2013 წლის შემდეგ (3.25) ისტორიულად ყველაზე დაბალია (3.04) ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი, შემაშფოთებელია, რომ თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების შეზღუდვის მზარდი ტენდენცია კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გრძელდება, რასთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
კერძოდ, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი ცვლილებებით აიკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა 5 შესაძლო საფუძვლით, რომელთა პრაქტიკაში რეალიზებაც შესაძლოა დროებითი კონსტრუქციების განთავსების ბლანკეტურ აკრძალვას გაუტოლდეს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ საიას მიერ წარმოებულ საქმეზე განმარტა, რომ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობას“. ამასთან, ნებისმიერი ჩარევა უფლებაში უნდა იყოს განჭვრეტადი და თანაზომიერი. კერძოდ, ადამიანმა ნორმის ანალიზით ცხადად უნდა შეძლოს, გაიგოს, თუ რა ტიპის ქცევას მოითხოვს მისგან კანონმდებელი, და, მეორე მხრივ, ნებისმიერი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან უფლებაში უნდა ატარებდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ ლეგიტიმურ მიზანს, და, უნდა იყოს უფლების ყველაზე ნაკლებ მზღუდავი საშუალება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული გარანტიები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სახელმწიფომ, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაში, პროპორციულად განახორციელოს უფლებაში ჩარევა ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებისთვის თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვის განხორციელებას.
შესაბამისად, ინიცირებული ცვლილებების მიზანი სამოქალაქო უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვაა, რაც გამოიწვევს ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის სივრცის შევიწროებას, შედეგად კი, ეს პირდაპირ მოახდენს გავლენას ქვეყნის დემოკრატიის, შესაბამისად, ადამიანების კეთილდღეობის ხარისხზე”, - ნათქვამია განცხადებაში.