ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ანგარიში წინა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ მომზადდა და 2023 წლის 31 მარტს წარედგინა პარლამენტს.

ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა ანგარიშის ძირითად მიგნებებსა და იმ ტენდენციებზე, რომელიც საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოიკვეთა და ხელისუფლების მხრიდან დროულ და სათანადო რეაგირებას საჭიროებდა.

მისი ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატში 2022 წელს შევიდა 5277 განცხადება, რომელზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა. ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 12 104 ზარი გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად. სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს 74 რეკომენდაციით მიმართა.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა მოამზადა: 24 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში, რომელიც საერთაშორისო ორგანოებს წარედგინა; 21 საკონსტიტუციო სარჩელი; 20 „სასამართლო მეგობრის" მოსაზრება; 1 „სასამართლო მეგობრის" მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, 5 კომუნიკაცია გაიგზავნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში. უფლებადარღვევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა სხვადასხვა დაწესებულებაში არაერთი ვიზიტი განახორციელა.

„როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა, ძირითადად, არ გაუმჯობესებულა. მეტიც, რიგი მიმართულებებით გაუარესებაც კი შეინიშნებოდა", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისი თქმით, ანგარიშის თანახმად, 2022 წელს სახელმწიფომ წინა წლების მსგავსად, სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სათანადო გამოძიება არ აწარმოა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახალხო დამცველის მანდატის გაზრდის საჭიროებას.

ანგარიშის თანახმად, გადაუჭრელ პრობლემად რჩება დიდი ზომის დახურული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. პრობლემურია პატიმრებისათვის სომატური და ფსიქიატრიული ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა. გადაუჭრელია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული საკითხი. კვლავაც არსებობს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების კუთხით არსებული გამოწვევები. სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში მათი დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა. პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. სიღარიბე კვლავ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად. ქვეყანაში არსებული ერთ-ერთ ყველაზე მთავარი პრობლემაა ბავშვთა სიღარიბე. გამოწვევად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი, რის გამოც ორივე რეგიონში ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა. კვლავაც პრობლემურია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა, მათი სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროპორციული და თანასწორი ჩართულობა.

გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრობლემური იყო შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა.

ანგარიშში დადებითადაა შეფასებული რიგი ნაბიჯები, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან გადაიდგა, მათ შორისაა: გენდერული თანასწორობის მისაღწევად საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული ცვლილებები; ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის ამოქმედება; 20 წლიდან 15 წლამდე უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების ვადის შემცირება; „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება" ქვეყნის მაღალმთიან მუნიციპალურ საავადმყოფოებში; ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების კომპონენტზე სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის დამატება; ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ამანათების მიღების შესაძლებლობის აღდგენა; პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფის გაფართოება; თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულება; 800 სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის შესახებ საქართველოს მთავრობის ინიციატივა; იუსტიციის სამინისტროს მიერ ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისგან დაცვის მიზნით 2023-2026 წლების სტრატეგიის შემუშავება; სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის არსებითად გაუმჯობესების ტენდენცია, რაც ამ ტიპის დანაშაულთა მიმართ რეაგირების ხარისხის ასამაღლებლად გადადგმულ ნაბიჯებს მოჰყვა; „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის" პირველადი სამუშაო ვერსიის შემუშავება; პარლამენტის მიერ 2022 წელს მიღებულ ამნისტიის კანონი, რომლითაც პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეუმცირდათ სასჯელი/პატიმრობის ვადა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო