ლარი 28 წლისაა - 1995 წლის 2 ოქტომბერს ლარი ქვეყანაში ერთადერთ კანონიერ საგადასახადო საშუალებად გამოცხადდა

ზუსტად 28 წლის წინ, 1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1991 წლის 2 აგვისტოს მიღებული იქნა კანონი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ", რომლითაც ქვეყანაში ფულის ნიშნების დამზადებისა და მიმოქცევაში გაშვების ორგანიზების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა საქართველოს ეროვნულ ბანკს. აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად დაიწყო ეროვნული ვალუტის შექმნისათვის მუშაობა, რაც ძირითადად წარიმართებოდა ფულის ნიშნების საჭირო ოდენობისა და ნომინალების განსაზღვრის, მისი შინაარსისა და დიზაინის შემუშავების კუთხით. ეროვნული ვალუტის სახელად განიხილებოდა სხვადასხვა ვერსიები, მათ სორის „მანეთი“, „ქართული მანეთი“, „მორჩილი“, „ქართი“, „რვალი“ და „ლარი“. ხურდა ფულის სახელწოდებად კი „ეგრი“, „კოლხა“, „თეთრა“, „კერმა“ და „თეთრი“.

ქართული ფულის გამოშვების სამთავრობო კომისიის 1992 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქართულ ეროვნულ ვალუტას დაერქვა ლარი, ხურდა ფულს კი „თეთრი“. ლარი - ძველი ქართული სიტყვა, რომელიც განძს, ქონებას ნიშნავს. ხოლო "თეთრი" შუა საუკუნეებში გამოყენებული ქართული სამონეტო ტერმინია“, - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ლარს თავისი სიმბოლო აქვს - ₾, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ 2014 წლის 7 ივლისს დაამტკიცა. ლარის სიმბოლო ქართულ ანბანს ეფუძნება.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ეროვნული ბანკი ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იგეგმება საკოლექციო მონეტების გამოშვება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2024
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად