„კანვას საქართველოს“ დირექტორი - ჩემი ქართველი კოლეგაც დაიბარეს სუს-ში - სერბეთის მოქალაქეები თუ ასეთი საშიში იყვნენ, რატომ გაუშვეს საზღვარზე, ხომ შეეძლოთ დაეკავებინათ? უცხოელებს არ აკავებენ ჩვენს ქვეყანაში?

ეს ჩვენ დავწერეთ, მერე სუს-მა გადაწერა და რაღაც სკანდალური მუსიკის ფონზე გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ. ჩვენ ვწერთ ხალხო ამას, ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ, უბრალოდ, ისინი თავისი ლოგოთი ავრცელებენ, რეალობა ეს არის, - ასე გამოეხმაურა ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი, გიორგი მელაძე ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "რეზიუმე" სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „კანვასი“ რევოლუციური სცენარის მომზადებაშია ჩართული.

მელაძის თქმითვე, თუკი სერბეთის მოქალაქეები ასეთი საშიშები იყვნენ, "რატომ გაუშვეს ისინი საზღვარზე?“

„დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის საინფორმაციო ხაზის ნაწილი, რომლის მიზანიცაა, სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებული მოქმედების დისკრედიტაცია, მოხდეს რაღაც სივრცის შემოღობა, აქტიური ადამიანების გამიჯვნა, მათი წარმოჩენა დამნაშავეებად, ან პოტენციურ დამნაშავეებად და ამით, ამ ქვეყანაში სხვადასხვა დემოკრატიულ, კანონიერ აქტივობებს ჩრდილი მიადგეს. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანი კონსტიტუციურ, კანონიერ ჩარჩოებში სამოქალაქო აქტივობის, კამპანიების წარმოება და არაძალადობრივი, სტრატეგიული კულტურის დამკვიდრებაა. სერბები ახსენეთ, მაგრამ 2 საათის წინ, ჩემი ქართველი კოლეგაც დაიბარეს სუს-ში გამოკითხვაზე. ჩემთვის უკვე ცხადია, რომ ეს რაღაც პარანოიის შექმნის მცდელობაა.

სამოქალაქო აქტივიზმი დემოკრატიული საზოგადოების ისეთივე შემადგენელი ნაწილი და ხერხემალია, როგორც კანონის, წერა-კითხვის ცოდნა და ა.შ. აქტიურმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, თავი როგორ უნდა დაიცვას. ზოგმა არ იცის, როდის მიმართოს, რომელ ინსტიტუციას, სად, როგორ მოითხოვოს თავის საჭიროების დაკმაყოფილება, ეს სამოქალაქო აქტივიზმის ნაწილია. მე მგონი, საფრთხედ სწორედ ამას ხედავენ, ანუ განათლების გადაცემას ისინი საფრთხედ აღიქვამენ. ჩანაწერებს რაც შეეხება, ეს ლექციები „იუთუბზე“ გვიდევს“, - განაცხადა მელაძემ.

მელაძემ ასევე უპასუხა კითხვას, თუ რა მიზანი აქვს მათ ლექციებს.

„რატომ ვაკეთებ ამას ამდენი ხანი - პირველი, არ მჯერა, რომ მთავრობაში ანგელოზები არიან, რომლებიც თავისით რაღაცებს ასრულებენ. მჯერა, თუ ადამიანი არ აქტიურობს, მისთვის ბევრი რამე თავისით არ მოხდება, ანუ მან უნდა მოიპოვოს დიდწილად თავისთვის სიკეთეები და მჯერა, რომ არაძალადობა ამ ყველაფრის კეთების ყველაზე საუკეთესო ფორმაა. ჩემთვის ამ სამ რამეზე დგას, თუ რატომ უნდა ვაკეთებდე ამ საქმეს.

პროტესტის ორგანიზებას კი არ ვასწავლით, ვასწავლით გაიაზროს, რატომ არის რამით უკმაყოფილო, ან კმაყოფილი, შეისწავლოს სიტუაცია, მდგომარეობა, ინსტრუმენტები იცოდეს, რომელიც ამ ყველაფრის დანახვაში დაეხმარება, ამის შემდეგ გადაწყვიტოს, უნდა თუ არა, რამის შეცვლაში მონაწილეობა მიიღოს და თუ გადაწყვეტს, რომ უნდა, როგორ, რა არის ამის საუკეთესო ფორმა, რომ არც თვითონ დაზარალდეს და არც მის გარშემო ვინმე, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად და მეტი შედეგით გაკეთდეს, სულ ესაა, ეს ყველაფერი ღიაა... ჩვენ ოფისი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ვებგვერდი, სადაც ან სტატიას, ან ღონისძიებას, განცხადებას ვდებთ“, - განაცხადა მელაძემ.

მისივე თქმით, თუკი, სუს-ი გამოკითხვის ოქმებს არ გაასაჯაროებს, ამას სერბები თავად გააკეთებენ.

„მათთან მქონდა კომუნიკაცია, მათ თქვეს, რომ ძალიან უნდათ, სუს-მა დაკითხვის ოქმები გამოაქვეყნოს და ყველაფერი უფრო საჯარო გახდეს, თუ არ გამოაქვეყნებენ, მაშინ სერბები იტოვებენ უფლებას, თვითონ გამოაქვეყნონ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვიღაცამ გაუთქმელობა მოსთხოვა. თუ ასეთი საიდუმლო იყო, რატომ გაუშვეს ეს ხალხი, ჩემთვის გაუგებარია, თუ ასეთ რაღაცას აკეთებდნენ, თუ ასეთი საშიში ხალხი იყო, რატომ გაუშვეს ეს ადამიანები საზღვარზე, ხომ ჰყავდათ აქ? ხომ შეეძლოთ დაეკავებინათ? უცხოელებს არ აკავებენ ჩვენს ქვეყანაში? როგორ არ აკავებენ?“ - განაცხადა მელაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა სუს-ის განცხადებაში მითითებულ გარემოებასაც, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული პირები 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან არიან დაკავშირებულები.

„ეს ჩვენ დავწერეთ და მერე ამათ გადაწერეს. ვთქვით, რომ ამ ადამიანებთან 20 წელია, ვმეგობრობთ, 2003 წლის „ვარდების რევოლუციაში“, როცა ამ ყველაფერზე ვფიქრობდით, ეს ადამიანები თავის გამოცდილებას გვიზიარებდნენ, ეს ჩვენ დავწერეთ, მერე სუს-მა გადაწერა და მერე რაღაც სკანდალური მუსიკის ფონზე გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის ასე მოეწოდებინათ. ჩვენ ვწერთ ხალხო ამას, ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ, უბრალოდ, ისინი თავისი ლოგოთი ავრცელებენ, რეალობა ეს არის... ჩემ მიერ ნათარგმნი ტექსტი აქვთ სათაურად წამოღებული - „როგორ გავზარდოთ საპროტესტო მუხტი“, შეგიძლიათ, ჩემ გვერდზე შეხვიდეთ, ღიად დევს. გვაბრალებენ, 20 წელია, არაძალადობაზე ვსაუბრობთ...

ეს არის რუსული სახელმძღვანელო, ზუსტად ასე, რუსები ლაპარაკობდნენ და წლებია, ლაპარაკობენ იმაზე, რომ „ვარდების რევოლუცია“, „ნარინჯისფერი რევოლუცია“, „არაბული გაზაფხული“, ეს ყველაფერი საფრთხეა. საფრთხე არის კი, პუტინისთვის, პუტინის კლანისთვის. რატომ თვლიან ესენი, რომ ჩვენ მათ ვადარებთ? არც ერთი დემოკრატიული მთავრობა არ მინახავს, რომელიც სამოქალაქო პროტესტს უფრთხის, პირიქით, დემოკრატიული მთავრობები ფიქრობენ, უკმაყოფილო ადამიანებთან როგორ იმუშაონ, რომ მათი კმაყოფილების ხარისხი გაზარდონ. ესენი მართლა რუსული მთავრობის გაგრძელება არიან“, - განაცხადა მელაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და "მტკიცებულებების ნაწილს" ასაჯაროებს.

სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

"ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს", - აცხადებენ სუს-ში.

სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო