რუსეთი, ყარაბაღში სიტუაციის დასტაბილურების მიზნით, აზერბაიჯანთან და პარტნიორებთან მუშაობს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"ჩვენი სამშვიდობოები აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ ამ სიტუაციაში. ჩვენ არ შეგვიძლია შევაკავოთ ადამიანები, რომლებსაც სურთ ყარაბაღიდან რუსეთში წასვლა. ვმუშაობთ აზერბაიჯანელ კოლეგებთან და მეზობლებთან ერთად ყარაბაღში სიტუაციის დასტაბილურების მიზნით", - განაცხადა ლავროვმა.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში, ადგილობრივ დონეზე, სპეცოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა იყო. ერევანმა ეს ქმედებები აგრესიად შეაფასა. ერთი დღის შემდეგ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც, სხვა პირობებთან ერთად, სომხური ფორმირებების განიარაღებასაც ითვალისწინებდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა. ამის შემდეგ ყარაბაღელ სომხებსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რეგიონის სომეხი მოსახლეობის რესპუბლიკაში ინტეგრაციის მიზნით, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, თუმცა სომხებმა ყარაბაღის მასიურად დატოვება დაიწყეს. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ყარაბაღი 100 500-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.