ნათია თურნავა - სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს შიდა აუდიტის საკითხებზე ჩვენი წარმატებული გამოცდილება გავუზიარეთ

საქართველოს ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში, შიდა აუდიტორთა საერთაშორისო სემინარი - „შიდა აუდიტი მმართველობით კონტექსტში“ გაიხსნა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება შიდა აუდიტის სფეროს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტთა და პროფესიონალთა დისკუსიებს აქტუალურ თემებზე, ცოდნის გაზიარებასა და კოლეგებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გახსნა.

„საქართველოს ეროვნული ბანკი, ტრადიციულად, სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს მასპინძლობს, ვინც შიდა აუდიტის საკითხებზეა პასუხისმგებელი. ეს სემინარი ყოველწლიურად ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის მხარდაჭერით ტარდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ, რადგან შიდა აუდიტი და მისი გამართული საქმიანობა ნებისმიერი ცენტრალური ბანკის გამჭვირვალობისა და რისკების გადაზღვევისთვის მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა, რომ კოლეგებს ყოველწლიურად აინტერესებთ ჩვენი სიახლეები, ჩვენი გამოცდილება და დღესაც მსგავს ღონისძიებას ძალიან წარმატებით ვუმასპინძლეთ”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

„4-5 წელია საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, რეგიონული სემინარების ორგანიზებაზე ვმუშაობთ და უნდა ვთქვა რომ საკმაოდ წარმატებითაც. ეს შეხვედრა მმართველობას ეხება, რომელიც როგორც წესი, გულისხმობს პროცესებს, ორგანიზაციულ კულტურას, ორგანიზაციის შიგნით ადამიანების ქცევას და ა.შ. აუცილებელია, რომ ორგანიზაციის სტრატეგია და მანდატი სათანადოდ განხორციელდეს. ოფიციალურად, მენეჯმენტი ორგანიზაციის მართვაზეა პასუხისმგებელი და ამიტომ, შიდა სტრუქტურების როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია მისი გამართული ფუნქციონირებისა და გამჭვირვალობისთვის“, -განაცხადა ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ექსპერტმა, რობერტ კორნელისმა.

ღონისძიებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ბელგია-ნიდერლანდების ჯგუფში შემავალი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყნის, 12 ცენტრალური ბანკის შიდა აუდიტორები მონაწილეობდნენ. ასევე, საქართველოში შიდა აუდიტის პროფესიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ღონისძიებაზე საქართველოს კომერციული ბანკებისა და სამინისტროების შიდა აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებიც მიიწვია.

სემინარის სპიკერები ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ექსპერტები - რობერტ კორნელისი და ლისეტ მულდირი იყვნენ. ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრის ცალკეული სესიები ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი თემების განხილვას დაეთმო, როგორებიცაა: მმართველობა და მისი არსი, რისკის მართვა და კულტურა, ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობა, მმართველობითი პროცესების აუდიტი, გარემოს დაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო