გიორგი ვაშაძე - ნაცვლად იმისა, „ქართული ოცნების“ ლიდერები პარლამენტში იყვნენ და ის კანონები მიიღებოდეს დაჩქარებულად, რომელიც 12 პუნქტითაა გათვალისწინებული, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ფარსში და შოუში მონაწილეობენ

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე იყვნენ და ევროკავშირის მიერ დაწესებული 12 პუნქტით გათვალისწინებულ კანონებს დაჩქარებული წესით იღებდნენ, ამის მაგივრად ისინი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე „ფარსში და შოუში მონაწილეობას იღებენ“.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ნებაა, რომ საქართველოს გახდეს, რაც შეიძლება სწრაფად ევროკავშირის ღირსეული წევრი.

„აი, სანამ ჩვენ აქ ვართ, კიდევ ერთი დიდი ფარსი და შოუა დადგმული ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში. ვის ინტერესებს ემსახურება ეს? კითხვა დავსვათ, ეს ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას? იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“ ხელს უწყობს და დაგვაახლოებს ევროკავშირთან, თუ დაგვაშორებს ევროკავშირთან? ხელს შეუწყობს 27 ქვეყანას, რომ თანხმობა მოგვცეს კანდიდატის სტატუსზე, თუ ხელს შეუშლის? ყველა გვეუბნება, ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ ეს არის ხელისშემშლელი ფაქტორი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯიუტად, ნაცვლად იმისა, რომ აქ, პარლამენტში იყვნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები და ის კანონები მიიღებოდეს დაჩქარებული წესით, რომელიც 12 პუნქტით არის გათვალისწინებული, ყველანი წარმოდგენილები არიან და ამ ფარსში და შოუში მონაწილეობას იღებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს როგორმე იმპიჩმენტი გამოუცხადოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მერე ეს უნდა მოვიდეს პარლამენტში, მერე იციან, რომ მაინც არ შედგება ეს იმპიჩმენტი, იმიტომ, რომ ოპოზიცია ამას მხარს არ უჭერს, მაგრამ აი, ეს შოუ არის დადგმული. სად არის საქართველოს მოქალაქის ინტერესი აქ? სად არის იმ ადამიანების ინტერესი, რომელმაც თუნდაც თქვენ დაგიჭირათ მხარი? სად არის საქართველოს ევროინტეგრაციაში მიმავალი გზის მხარდაჭერის ინტერესი?

აი, მეორე საკითხი ავიღოთ, დაჩქარებული წესით მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების მიღებაა „ქართული ოცნების“ მხრიდან. სად გეჩქარებათ? ეს დააჩქარეთო, ეს გვითხრეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა? ახალი შეზღუდვები დაუწესეთ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს და კიდევ ახალი შეზღუდვები დააწესეთ დემოკრატიაშიო? ეს ხომ „რუსული კანონი ორია“ ფაქტობრივად, რომელსაც დაჩქარებული წესით იღებ, მაგრამ სადაც არის სასამართლო და მართლმსაჯულების საკითხი, არა, „კლანი“ უნდა დაიცვათ. უფრო მეტიც, წარმოიდგინეთ, რომ ამერიკის საელჩოს თავს ესხმით და რუსეთის ჯაშუშ აგენტ ფარცხალაძეს იცავთ. აი, ეს არის ის სამწუხარო რეალობა და მერე გიკვირთ, რომ ხალხს და ხელისუფლებას რატომ ასხვავებს მთელი დასავლეთი ერთმანეთისგანო? ზუსტად ამიტომ. ხალხის ნება ფარცხალაძის დაცვა არ არის, ხალხის ნება არ არის ამერიკაზე თავდასხმა, ხალხის ნება არ არის ევროპელი პარტნიორების ომში დადანაშაულება და ქვეყნის მტრად გამოცხადება. ხალხის ნება არის საქართველო

რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი“, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო