ხათუნა სამნიძე ნინო წილოსანს - თქვენც ხომ არ დაგიბერათ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი? შიშისგან მზად ხართ, მთელი ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაწიროთ, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ

თქვენც ხომ არ დაგიბერათ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი? შიშისგან მზად ხართ, მთელი ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაწიროთ, ადამიანები უბრალოდ გვერდზე გადადოთ, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ,- ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრს, ნინო წილოსანს.

როგორც მან თავისი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მმართველი გუნდი ფონს „აქციების აკრძალვით“ ვერ გავა.

„ძალიან მხატვრული კითხვით მოვისმინეთ ქალბატონი წილოსანის გამოსვლა და ერთადერთი რამ დამაკლდა თვალში, პიონერთა ყელსახვევი რატომ არ გეკეთათ ყელზე და პირდაპირ გკითხავთ, 7 ნოემბერი და 26 მაისი რომ ახსენთ, თქვენ სად იყავით მაგ დროს აქ, ასეთი ტონით რომ გვიკითხავთ დაწერილ ტექსტებს. მინდა მივმართო არა მარტო ქალბატონ წილოსანს, მთელს „ქართულ ოცნებას“, რადგან იხსენებთ და რადგან ამ შიშებით საუბრობთ, მოკლედ გაგახსენებთ, რას აკეთებდა ასლან აბაშიძე საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. საქართველოსა და აჭარას შორის საზღვარი გაავლო, სადაც ადამიანები ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. სუფრასთან მისი სადღეგრძელო რომ არ დაგელიათ, რეგიონის დატოვება მოგიწევდათ, სხვა უარესს თუ არ გაგიკეთებდათ. ამას აკეთებდა ის საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. შევარდნაძის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ფანჯრებიდან ხალხი ცვიოდა, რათა ამ ქვეყანაში ადამიანებს შეშინებოდათ, ხმა არ ამოეღოთ, მხოლოდ ხელისუფლების შესანარჩუნებლად.

წინა ხელისუფლებაზეც გადავალ, აქციები როცა დაიწყო, აქ დიდი გონორით რომ ახსენეთ 7 ნოემბერი და 26 მაისი, რეგიონებიდან რომ მივდიოდით ხალხი და მათ შორის, მეც, ქუჩაში, გზაზე შედუღებულ ლურსმნებს ყრიდნენ, რათა საბურავები დახეთქილიყო და ხალხი ვერ ჩასულიყო ადგილზე. მძღოლებს აშანტაჟებდნენ. ამ ყველაფერს აკეთებდა წინა ხელისუფლებაც, იმის წინა ხელისუფლებაც, შიშით, რომ ძალაუფლება არ დაეკარგათ. თქვენც ხომ არ დაგიბერათ ამ შიშმა და ზურგში ხომ არ იგრძენით ნიავი? სანქციების გამო, საზოგადოებრივი განწყობის გამო, ახალგაზრდების გამწყობების გამო. ამან ხომ არ შეგაშინათ და შიშისგან მზად ხართ, მთელი ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაწიროთ, ადამიანები უბრალოდ გვერდზე გადადოთ, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოთ. ახლა გადახვედით კანონების ცვლილებაზე და აქციების აკრძალვით ფიქრობთ, რომ ფონს გახვალთ? მაშინ როდესაც, რუსეთის ინტერესების გამტარებელ ფარცხალაძეს იცავთ, აქციების კანონი და კარვების აკრძალვა გიშველოთ? მაშინ, როდესაც პრემიერი საკუთარი შვილის საზღვარგარეთ წასაყვანად, საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავს, ამას გგონიათ აქციების აკრძალვა უშველის ამ ქვეყანაში? ან ბიუჯეტის ცვლილება რომ შემოდის, 4 მილიონი რომ გაჩნდა და სოციალურ ხაზებში რომ გადაიტანეთ დიდი ნაწილი იმისთვის, რომ საარჩევნოდ სოციალურად დაუცველი ადამიანების მანიპულაცია შეძლოთ და აქ გახვიდეთ ფონს, გგონიათ ამ ქვეყანაში ამას ეს და აქციების აკრძალვა უშველის? ან ის უშველის რაც ახლა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში? გგონიათ, რომ ეს უშველის და ძალაუფლებას შეინარჩუნებთ? ჩვენ, ვინც აქეთ მხარეს ვსხედვართ, ხშირად ვეწინააღმდეგებოდით წინა ხელისუფლებების დროს ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გადადგმულ ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ ნაბიჯებს. თქვენ სად იყავით ამ დროს? ესეც კი არ მაინტერესებს, დღეს სად ხართ, ახლა სად ხართ? „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ძალიან ბევრი წევრი, ვინც აქ პროპაგანდისტულ განცხადებებს არ აკეთებს.

ნინო წილოსანზე აღარ ვლაპარაკობ, არც კი რცხვენია ასეთი განცხადებების გაკეთება, როცა პრეტენზია აქვს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან თანამშრომლობს. ტრენინგების აკრძალვა და ტრენინგების გამო სუს-ის განცხადების არ რცხვენია. თურმე იარაღით მემუქრებიანო და ვინ გემუქრებათ იარაღით? იმ შიშის სიომ ხომ არ დაგიბერათ ზურგში, რის გამოც წინა ხელისუფლებები ასეთ ნაბიჯებს დგამდნენ. არაფერმა არ უშველა, ეს მინდა შეგახსენოთ. არც ერთ ხელისუფლებას არ შველის ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ასეთი ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ, ამის, ამ ნაბიჯების შეგეშინდეთ, იმის კი არა, რომ ერთ დღეს ხელისუფლებას მართლაც დაკარგავთ, მოვა არჩევნები და ეს აუცილებლად მოხდება 2024 წელს“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი