პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას - რა გირჩევნიათ ევროპა თუ მოიპაროთ ფული აქ და დაისვენოთ ევროპაში? - რა თქმა უნდა, გირჩევნიათ მოიპაროთ აქ და ამის გამო მზად ხართ, ჯაშუშ ფარცხალაძეს გადაეფაროთ

აი, ვთქვათ და გამართლდა თქვენი პროპაგანდა და ხალხმა დაიჯერა, რომ ჩვენ გამო ვერ მიიღო ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი, რა შეღავათი ექნება საქართველოს მოქალაქეს? - არაფერი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ქართული ოცნება" აგრძელებს პროპაგანდას, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს ოპოზიციის ბრალი იქნება.

გარდა ამისა, მანჯგალაძე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსაც შეეხო და კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ფულის კეთებაზეა გადასული და ამის გამო ფარცხალაძესაც კი იცავენ.

„იმ გამოსვლების შემდეგ, რასაც უმრავლესობის მხრიდან ვისმენ, მართალი გითხრათ, დისკუსიის დიდ აზრს ვერ ვხედავ, მაგრამ აქ მეორე პრობლემაა, რომ გავჩუმდეთ და არ ვისაუბროთ იმ უკანონობაზე, იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაში ხდება, ესეც დანაშაული მგონია. ამიტომ, დავიწყოთ, მთავარი საკითხით.

მთავარი საკითხი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაა, „ქართული ოცნება" ამ მავნე რიტორიკას არ ეშვება და ცდილობს დააჯეროს საზოგადოება, რომ კანდიდატის სტატუსს იმის გამო არ გვაძლევენ, რომ თითქოს, ოპოზიცია ერთი წლის წინ, სამუშაო პროცესში არ მონაწილეობდა.

ვნახეთ, ვარჰეის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ 12-იდან 9 რეკომენდაცია შესასრულებელია, მათ შორის, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო, ანტიკორუფციულთან დაკავშირებული რეფორმა, რომელზეც ინიციატივები ოპოზიციას შემოტანილი აქვს და ხელისუფლებამ განსახილველადაც ვერ მოიცალა. აი, ვთქვათ და გამართლდა თქვენი პროპაგანდა და ხალხმა დაიჯერა, რომ ჩვენ გამო ვერ მიიღო ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი, რა შეღავათი ექნება საქართველოს მოქალაქეს? - არაფერი.

ახლა გადავიდეთ სხვა საკითხებზე, ვსაუბრობდით, რომ, რაღაც მიღწევები გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, განათლების მიმართულებით, ამ დროს ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში კორუფციას მიაქვს ყველაფერი, მთავარი პრობლემა არის კორუფცია. 900 მილიონამდე დაჯდა სამტრედია - გრიგოლეთის კონკრეტული მონაკვეთის მშენებლობა და პროექტი, რომელიც 900 მილიონამდე უჯდება ქვეყანას, ხიდი ჩაინგრა, მესმის, რომ ხიდი რთული კონსტრუქციაა და ვერ აკეთებთ, მაგრამ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თუ არის აქ, პრაქტიკული რომ გავხადოთ და ხალხს რაც სტკივა, იმაზე რომ ვისაუბროთ, სამტრედიაში მეოთხე სკოლა, სამჯერ რომ გახსენით ლენტი და დააანონსეთ, სამ სხვადასხვა არჩევნებზე მოხდა სკოლის გახსნა და აი, გაუბედურებულია ადგილი. რატომ? - იმის გამო, რომ ვიღაცას მოეწონა ეს ადგილი და სავაჭრო ცენტრი უნდა აშენდეს. მოდით ახლა და მამხილეთ, რომ მოვიტყუე და ეს ესე არ არის, ერთ ღამეში ხომ ვერ ააშენებთ სკოლას? - ეს არის მოცემულობა.

აი, სამტრედიაში სად ვარჯიშობს 13 წლამდე ჯგუფები - ტყეში, ეკალბარდში. ჩვენ ძეგლს ვუდგამთ ბურთს და არ გვაქვს სტადიონი, სადაც პატარა ბავშვები ივარჯიშებენ. მე ეს არც ვიცოდი, მშობლებმა მითხრეს. სამტრედიას, რომელსაც დიდი საფეხბურთო ისტორია აქვს, სავარჯიშო მოედანი არ აქვს, გასახდელი არ აქვს, წყალი არ აქვს, ეს ხომ რეალობაა?

აი, ნინო წილოსანი არის აქ, ასეთი რამ მოხდა გურიაში: ზემო ნატანებიდან ჩამოიყვანეს ქვემო ნატანებში სკოლის მოსწავლეები და მადლობა ღმერთს, რომ სწავლა არ იყო დაწყებული და დაშავდა მხოლოდ დამლაგებელი და მშობელი. ვის ვატყუებთ, რა დასავლეთის ბრალია? რა ოპოზიციის ბრალია? ის, რომ ჭერი არ უნდა ჩამოინგრეს სკოლაში, ეს ამერიკის ბრალია? ტყეში რომ არ უნდა ვარჯიშობდეს ბავშვი, ზამთარი მოდის, წყალი სჭირდება, გასახდელი სჭირდება, ახლა უნდა ვლაპარაკობდეთ, 21-ე საუკუნეში ამაზე? მაგრამ არა - თქვენ საკითხს აყენებთ მარტივად, თუ ევროპა შემოვა აქ ხელისუფლებაში ხომ ვერ იქნებით, შესაბამისად, კორუფცია ხომ არ იქნება? რა გირჩევნიათ ახლა ევროპა, თუ ის, რომ მოიპაროთ ფული აქ და წახვიდეთ და დაისვენოთ ევროპაში? რა თქმა უნდა, გირჩევნიათ მოიპაროთ აქ. ამის გამო მზად ხართ გადაეფაროთ ჯაშუშ ფარცხალაძეს, ფარცხალაძე არის თქვენი სახე!“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით