ჯაბა სამუშიამ მეცნიერებისა და ინოვაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

მეცნიერებისა და ინოვაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თსუ-ში ბაქტერიოფაგების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობაზე ცნობილი მეცნიერის დავით ფრანგიშვილის საჯარო ლექცია და დისკუსია გაიმართა, რომელიც თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა. ამ ღონისძიებით საქართველო შეუერთდა FAO-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„დავით ფრანგიშვილი არის ადამიანი, რომელიც თავისი სამეცნიერო მოღვაწეობით არის ნამდვილი ნიმუში თუ როგორ შემოდის ევროპული სამეცნიერო და საგანმანათლებლო კულტურა საქართველოში” - ასე წარადგინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ გამოჩენილი ვირუსოლოგი, პარიზის პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორი, თსუ-ს მოწვეული პროფესორი, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, რომელმაც თსუ სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, მოწვეული სტუმრებისთვის საჯარო ლექცია „ბაქტერიოფაგები: ჯანსაღი ეკოსისტემის გარანტი” წაიკითხა.

მათივე ინფორმაციით, დავით ფრანგიშვილმა ლექციაზე ისაუბრა ბაქტერიოფაგების როლზე ბუნებაში, მათ გავლენაზე მიკრობულ პოპულაციებსა და ბაქტერიოფაგების გამოყენების პრაქტიკაზე მედიცინაში.

„ჩემი დღევანდელი მოხსენების მიზანია, მოგიყვეთ რა წვლილი შეიძლება შეიტანოს ქართულ მეცნიერებაში დაგროვილმა გამოცდილებამ ევოლუციური, ახალი ტექნოლოგიური მიდგომების განვითარებაში“, - განაცხადა დავით ფრანგიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებსა და დაინტერესებულ სტუდენტებთან ერთად, ღონისძიებას დაესწრნენ საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, FAO-სა და WHO-ს საქართველოს ოფისების წარმომადგენლები.

„ბაქტერიოფაგების შესახებ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი მზია ქუთათელაძე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ელიავას სახელობის ინსტიტუტის მიკრობული ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის უფროსი, პროფესორი ნინო ჭანიშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი, FAO-საქართველოს ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) პროგრამის მენეჯერი, ვეტერინარი მიხეილ სოხაძე.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO); ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO); საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო