კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ალტე“ უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილ „სამართლისა და ეკონომიკის ცენტრში“ კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მიესალმა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმი საქართველოში კაპიტალის ბაზრის სამართლის, როგორც სამართლის დამოუკიდებელი დარგის განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნა და მასში საერთაშორისოდ აღიარებული უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

სამართლის ამ დარგის მნიშვნელობაზე ისაუბრა ფორუმზე თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

მისი თქმით, საქართველოს ჩართულობამ საერთაშორისო თანამეგობრობაში კაპიტალის ბაზრის რეგულირების საკითხი განსაკუთრებით წამოწია წინა პლანზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებულ კაპიტალის ბაზრის სტრატეგიაში ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი არის კაპიტალის ბაზრის სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება.

„ეს ფორუმი იქნება კარგი იმპულსი ამ ბაზრის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სპეციალისტების თანამშრომლობა ევროპელ კოლეგებთან. რადგან ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქმე ევროინტეგრაციის გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმზე ძალიან ბევრ საინტერესო მოსაზრებას მოვისმენთ,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ-ს ცნობით, კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში, ბოლო პერიოდში, არაერთი საკანონმდებლო რეფორმა და მასტიმულირებელი ღონისძიება ხორციელდება, თუმცა მისი, როგორც სამართლის დარგის დოგმატურ-პრაქტიკული და, ამასთანავე, მეთოდოლოგიური საფუძვლები დამუშავებული არ არის.

„ღონისძიების მონაწილე ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა იმსჯელეს კაპიტალის ბაზრის სამართლის ცნებაზე, შინაარსზე, რეგულირების საგანზე, ევროპული კაპიტალის ბაზრების სუპრანაციონალური რეგულირების მოდელის, ბაზრის ფუნქციონირებასა და პროდუქტების სახეობებზე და ამ კონტექსტში იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოში სამართლის ამ ახალი დარგის განვითარებისთვის,“-აღნიშნა თსუ-ს პროფესორმა ირაკლი ბურდულმა.

ქართველ სპეციალისტებთან ერთად ფორუმში მოხსენებები წაიკითხეს ცნობილმა გერმანელმა იურისტებმა - ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა, საკორპორაციო, საბანკო, კაპიტალის ბაზრის სპეციალისტმა და საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტორმა ქრისტიან ქერნიმ და ფრაიბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა, სამოქალაქო, საკორპორაციო და კაპიტალის ბაზრის სამართლის სპეციალისტმა, დოქტორმა იან ლიდერმა. ორივე მათგანს, ასევე, აშშ-ში დამთავრებული აქვს LL.M-ის პროგრამა საკორპორაციო და კაპიტალის ბაზრის სამართლის მიმართულებით.

საერთაშორისო ფორუმს „კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები: ევროპული დისკურსი და მისი მნიშვნელობა საქართველოს კაპიტალის ბაზრის რეგულირებისათვის“ „ალტე“ უნივერსიტეტის რექტორი რამაზ კუკულაძე, საბანკო სექტორის წარმომადგენლები, კორპორაციული სამართლის სპეციალისტები ესწრებოდნენ. „სამართლისა და ეკონომიკის ცენტრში“ გამართული ღონისძიების შედეგად მომზადდება სასწავლო კურსი „შესავალი კაპიტალის ბაზრის სამართალში“, რომელიც, შესაძლოა, საუნივერსიტეტო სწავლებაში დაინერგოს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო