საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - რაიმე ბნელი გადაწყვეტილების მიღება რომ გვნდომებოდა, ამ სხდომას საერთოდ არ ჩავატარებდით, სასამართლოს შეეძლო, დახურულ კარს მიღმა მიეღო გადაწყვეტილება

რაიმე შავი, ბნელი გადაწყვეტილების მიღება რომ გვნდომებოდა, ამ სხდომას საერთოდ არ ჩავატარებდით, სასამართლოს შეეძლო, დახურულ კარს მიღმა მიეღო გადაწყვეტილება - აბსოლუტურად თავისუფალი ვარ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ საქართველოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განსახილველი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ტურავამ განაცხადა, ის, რომ სხდომაზე როგორც პრეზიდენტის წარმომადგენლები, ისე წარდგინების ავტორები მიიწვიეს, მიუთითებს, რომ სასამართლო არცერთი მხარის მიმართ არაა მიკერძოებული.

„9 მოსამართლემ გადაწყვიტა ეს [საქმის განხილვა]. მიღებულია გადაწყვეტილება და სხდომაზე მოვიწვიეთ როგორც ერთი, ისე მეორე. ვაძლევთ ასპარეზს როგორც ერთ, ისე მეორეს, რომ სასამართლო დაარწმუნონ თავიანთი პოზიციის სისწორეში. რომ გვნდომებოდა რაიმე შავი, ბნელი გადაწყვეტილების მიღება, ამ სხდომას საერთოდ არ ჩავატარებდით. კანონში წერია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო, საერთოდ არ გამოეძახებინა არც წარდგინების ავტორები და არც პრეზიდენტის წარმომადგენლები და დახურულ კარს მიღმა მიეღო გადაწყვეტილება. ვერ დაინახეთ ან არ გინდათ დაინახოთ, რომ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ეს პროცესი ყოფილიყო საჯარო, ყოფილიყვნენ ჟურნალისტები წარმოდგენილები. კანონი იმასაც ითვალისწინებდა, რომ გადაწყვეტილება მიგვეღო დახურულ კარს მიღმა, მაგრამ ის, რომ ერთიც და მეორეც მოვიწვიეთ და ეს პროცესი საჯაროდ ჩავატარეთ, მიუთითებს, რომ არცერთი მხარის მიმართ არ ვართ და ვერც ვიქნებით მიკერძოებული“,- განაცხადა ტურავამ.

რაც შეეხება შეფასებებს, რომ მერაბ ტურავას სხდომაზე „პრეზიდენტის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდა“, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, აგრესიული დამოკიდებულება რომ ჰქონოდა, დაადგენდნენ, რომ პრეზიდენტი სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო.

„როდესაც დასკვნა დაიდება, მხოლოდ იმის შემდეგ შეიძლება იყოს საუბარი მის შინაარსზე. ზოგიერთი ტელევიზია ქმნის განცდებს, რომ წინასწარ იცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

პრეზიდენტთან მიმართებით აგრესიული დამოკიდებულება რომ მქონოდა, დავადგენდით, რომ პრეზიდენტი უნდა გამოცხადებულიყო სხდომაზე. ჩვენ ვთქვით რომ მისი წარმომადგენლები არიან უფლებამოსილები, რომ პრეზიდენტის პოზიცია წარმოადგინონ. არავითარი აგრესია არც პრეზიდენტის და არც წარდგინების ავტორების მიმართ არ გვაქვს. როდესაც დამთავრდება პროცესი, როდესაც მოვუსმენთ როგორც ერთ, ისე მეორეს, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. პრეზიდენტის წარმომადგენლებს მივეცი დრო, ესაუბრათ ნებისმიერ საკითხზე, რაზეც სურდათ. არც ერთს და არც მეორეს ჩემი მინიშნება არ სჭირდება, თავადაც მშვენივრად იციან, რა ისაუბრონ. როგორც ერთი ისე მეორე წარმოდგენილები არიან კვალიფიციური იურისტებით“,- განაცხადა ტურავამ.

კითხვას, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლების შეფასებით, სხდომაზე არათანაბარ პირობებში იყვნენ, ტურავა ასე პასუხობს: „ბევრი რაღაც შეიძლება თქვა, მაგრამ ეს რაღაცაში უნდა გამოიხატოს - რა, შევზღუდეთ, საუბრის და კითხვის დასმის უფლება არ მივეცით თუ რა ფორმით გამოიხატა ეს?“.

მისივე თქმით, საკითხზე გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში მიიღებენ.

ამასთან, ტურავამ უპასუხა კითხვას, არის თუ არა პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი. მისი თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებას კონსტიტუციის კარნახით იღებს.

„ამ კითხვას რომ მისვამთ, მე გიპასუხებთ, რომ აბსოლუტურად და სრულიად თავისუფალი ვარ. როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ვიღებთ ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციის შესაფერისია. როგორც კონსტიტუცია გვკარნახობს და გვავალდებულებს, ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ტურავამ.

რაც შეეხება იმას, დაიბარებენ თუ არა პრეზიდენტს კვლავ სხდომაზე, ტურავა ამბობს: „დაიწყება სხდომა და ვნახავთ“.

„ვინაიდან პრეზიდენტმა არ ისურვა პროცესზე მოსვლა, არ გვინდა სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა“,- აცხადებს მერაბ ტურავა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო